ხვალ, 13 ივლისს, ევროპარლამენტში მოუსმენენ ესტონელ ევროპარლამენტარ სვენ მიკსერს, რომელიც წარადგენს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს – ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას, სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში მიიღებს.
გამოცემის თანახმად, დოკუმენტის პროექტში საუბარია ყველა იმ საკითხზე, რომლის მოგვარებისკენაც საქართველოს მოუწოდებენ ევროპული ინსტიტუციები ბოლო პერიოდში – პოლიტიკურ დიალოგზე, არჩევნებზე, სასამართლო რეფორმაზე, „დეოლიგარქიზაციაზე“, მედიის უფლებებსა და ა.შ. დოკუმენტის ტექსტი საბოლოო არაა და შეიძლება, შეიცვალოს.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი:
მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა; აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი; კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისათვის საქართველომ უნდა დაიწყოს შესრულება იმ ძირითადი პრიორიტეტებისა, რომლებიც მითითებულია კომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ მოსაზრებაში.
მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები და მტკიცედ დაიწყოს კომისიის მოსაზრებაში მითითებული რეფორმების განხორციელება, რათა ცალსახად აჩვენონ თავიანთი პოლიტიკური მისწრაფება, მიაღწიონ ქვეყნის ამბიციურ ევროპულ მიზნებს, რაც 2022 წლის 3 მარტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ წარდგენილ განცხადებაშია ასახული;
ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს და წარუძღვეს მუშაობას ამ პრიორიტეტებზე ინკლუზიურად მანამ, სანამ კომისია 2022 წლის ბოლომდე მოამზადებს ამ საკითხების განხორციელების შესახებ მოხსენებას; მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას, კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა და წვლილი შეიტანონ ამ ძალისხმევაში; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს წინადადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე კვლავ დამოკიდებული იქნება კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებასა და საქართველოს დამსახურებაზე.
მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს გაძლიერებული თანამშრომლობა უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან, „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში.
ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ მოითხოვს ერთიანობასა და სოლიდარობას საერთაშორისო თანამეგობრობისაგან; მიესალმება ქართული საზოგადოების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გამოხატულ ძლიერ პასუხს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ ძალას, ევროკავშირის პოზიციებთან პოლიტიკურ თანხვედრაში იყვნენ ამ მნიშვნელოვან საკითხზე, ქვეყნის ევროპული ამბიციების შესაბამისად;
ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მოუწოდებს, რომ გაგრძელდეს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი, მოლაპარაკებების გზით მოსაგვარებლად – მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობითა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის გზით; შეშფოთებით აღნიშნავს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო „ბორდერიზაციის“ გაგრძელებას; მოუწოდებს საბჭოს, გააგრძელოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოში 2022 წლის 14 დეკემბრის შემდეგ და უზრუნველყოს მისი დაფინანსება ისე, რომ ეს შეესაბამებოდეს მის ამოცანებს – სიტუაციის სტაბილიზაციასა და ნორმალიზებას და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის ამაღლებას უსაფრთხოების მხრივ ამ უკიდურესად დაძაბულ გარემოში.
პოლიტიკური დიალოგი და არჩევნები
[ევროპარლამენტი] წუხს, რომ სიღრმისეული პოლარიზაცია კვლავ არის საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელი მახასიათებელი; მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს, გააერთიანონ ძალები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი მიზნის გარშემო, ამბიციური, დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით; კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ.
მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს საარჩევნო რეფორმა და აღმოფხვრას ხარვეზები, რაც საარჩევნო კამპანიისას და არჩევნების ჩატარებისას გამუდმებით იჩენს თავს, და ეს გააკეთოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, დროულად და ეუთო/ოდიჰრ-ის რეკომენდაციების შესაბამისად.
ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფესვგადგმული ინტერესთა ჯგუფების, მათ შორის ოლიგარქების, გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, რაც კომისიის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტად არის განსაზღვრული და რაც უნდა მოგვარდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.
კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა და მედიის თავისუფლება
ხაზს უსვამს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი და საფუძვლიანი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას 2021 წლის შემდგომი სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით; მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოასწორონ ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები ყველა დონის სასამართლოში მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესში და გენერალური პროკურორის წარდგენისა და დანიშვნისას, რათა პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის გატარებას და საბჭოს დარჩენილი წევრების დანიშვნას.
ხაზს უსვამს, რომ ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე ნაბიჯები საკვანძო დანიშვნების ან ინსტიტუციური ცვლილებების დროს მხოლოდ აძლიერებს პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემის აღქმას; ამ კუთხით აღნიშნავს, რომ კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშნეს ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებამდე; იმეორებს, რომ სასამართლო რეფორმირების პროცესში პროგრესის არარსებობა ნიშნავდა, რომ 2021 წლის სექტემბრისთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების 75 მილიონი ევროს ტრანშის მისაღებად დაწესებული პირობები არ შესრულებულა.
მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად გამოიძიოს 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილი მასობრივი უკანონო მოსმენების საქმე; შეშფოთებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რაც ზრდის იმ დანაშაულთა რაოდენობას, რომლებზეც ნებადართულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, და ამ მოქმედებების ხანგრძლივობას, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2022 წლის 7 ივნისს და რომელსაც ვეტო დაადო პრეზიდენტმა 2022 წლის 22 ივნისს; მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სთხოვოს ვენეციის კომისიას დასკვნის გამოტანა ამ საკითხზე და შეასრულოს მისი რეკომენდაციები.
ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა
გმობს 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარშის“ მშვიდობიანი მონაწილეებისა და ღონისძიების გამშუქებელი ჟურნალისტების მიმართ ძალადობას; მკაცრად გმობს ძალადობის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად გამოძიებისა თუ სისხსლისამართლებრივი დევნის არარსებობას; აღნიშნავს, რომ ძალადობის ექვს განმახორციელებელს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა 2022 წლის აპრილში; მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ მოწყვლადი ჯგუფების, – ქალების, ლგბტქი+ თემისა და ეთნიკური უმცირესობების, – უფლებების დაცვა.
კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე დამოუკიდებელი ზედამხედველობის განხორციელება; ამ მხრივ სინანულს გამოხატავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო ODIHR-ის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ; ხაზს უსვამს საქართველოს სახალხო დამცველის დადებით როლს ადამიანის უფლებების დაცვაში, კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში.
ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები
მიესალმება საქართველოს პოზიტიურ გამოცდილებას კანონმდებლობის [ევროკავშირის კანონმდებლობასთან] დაახლოებისა და სრულად მოქმედი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობაში; მოუწოდებს „ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით“ წარმოდგენილი შესაძლებლობების გამოყენებისკენ, დინამიკური და მდგრადი ეკონომიკის ასაშენებლად, – ისეთი ეკონომიკისა, რომელიც მზად იქნება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრირებისთვის.
სექტორული თანამშრომლობა
კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება (DCFTA) და 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგი სახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მყარ ჩარჩოს, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციისა და გაძლიერებული სექტორული თანამშრომლობის გზით;
ხაზს უსვამს გაძლიერებული სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირის მნიშვნელობას საქართველოს გეოგრაფიული და ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების პროცესში.