შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით სასაზღვრო პოლიციამ, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოებისას ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას პირთა ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, გამაფრთხილებელი ნიშნები სახელმწიფო საზღვრის ზონაში არაუმეტეს 5 კილომეტრში, სასაზღვრო ზოლში კი, 500 მეტრის სიგანის ნაწილში დამონტაჟდება.
სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით, როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას – აცხადებს შსს.
„ბათუმელებს“ სასაზღვრო პოლიციაში განუცხადეს, რომ გადაადგილების ნებართვა საჭირო არ არის იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოქცეულია სასაზღვრო ზონაში, თუმცა არის დასახლებული პუნქტი; ნებართვა არ არის საჭირო არც ასეთ დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები მოსახლეობისთვის; ასევე ნებართვას არ საჭიროებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე მისვლაც ნებისმიერი პირისთვის.
„ნებართვა საჭიროა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ არსებულ სასაზღვრო ზონაში ყოფნისა, თუ იქ გარკვეული საქმიანობისთვის“, – გვითხრეს სასაზღვრო პოლიციაში.
შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილებისთვის შესაბამისი ნებართვის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ „საშვის მაძიებლის განაცხადის“ ფორმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე და თან უნდა დაურთონ პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემთა გვერდის ასლი და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. საშვის მიღება შესაძლებელია, როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (ქ. თბილისი, კანდელაკის ქ. N12), ასევე, სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ სამმართველოებში და სასაზღვრო სექტორებზე.
2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, სამართალდამრღვევი პირების მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მექანიზმები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 190-ე მუხლით არის გათვალისწინებული.
სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევისთვის დადგენილია შესაბამისი ჯარიმები, კერძოდ:
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით;
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი სამრეწველო, სარეწი საქმიანობის, ობიექტის მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის ან/და სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით;
- ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 300 ლარის ოდენობით;
- სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო, ვიდეო ან/და აეროგადაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით;
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით;
- ზემოაღნიშნული ერთ-ერთი ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო, ვიდეო ან/და აეროგადაღება, სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება ან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება/განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან:
- სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების მიზნით დადგენილი წესით გაცემული საშვის არქონის ან მის ადგილზე გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში პირი ვალდებულია შეწყვიტოს სასაზღვრო ზოლში ან/და სასაზღვრო ზონაში საქმიანობის განხორციელება და დაუყოვნებლივ დატოვოს სასაზღვრო ზოლის ან/და სასაზღვრო ზონის ის ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდება სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი.
- სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო-, ვიდეო- ან/და აეროგადაღების შემთხვევაში დამრღვევი ვალდებულია ფოტო-, ვიდეო- ან/და აეროგადაღების დროს გადაღებული მასალა დაუყოვნებლივ წაშალოს, გადაღების შედეგად მიღებული მატერიალური ფოტომასალა გაანადგუროს ან აღნიშნული მასალა/მატერიალური ფოტომასალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს გადასცეს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოიყენოს ამავე კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომები.
- სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვა) დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით, თუ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაზიანების ან განადგურების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა 150 ლარს არ აღემატება.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონით:
სასაზღვრო ზონა არის – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი, არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საერთაშორისო სამდინარო და საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, რელიეფის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე სასაზღვრო ზონა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 30 კილომეტრით;
სასაზღვრო ზოლი კი – არა უმეტეს 500 მეტრის სიგანის სასაზღვრო ზონის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ემიჯნება სახელმწიფო საზღვარს.
მთავარი ფოტო: სოფელი სარფი / თურქეთ-საქართველოს საზღვარი
batumelebi.netgazeti.ge