რევაზ თევდორაშვილი ერთ-ერთია,რომელიც 2018 წელს ქართულმა ოცნებამ ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლა, სამაგიეროდ კი დიღმის მასივში, ე.წ ძველი ბიჭებისგან არჩევნებში დახმარება მიიღო.
სუს-ის ფაილში, მისი ინფორმაციის გასწვრივ მითითებულია, რომ 5 დღეში შეწყალების კომისია უნდა გამართულიყო. გამოდის რომ ამ კომისიაზე პარტიის მაღალჩინოსნების დავალებით ის შეიწყალეს. ამავე დოკუმენტში მითითებულია დედის საკონტაქტო ნომერი.
გიორგი ნინიკაშვილსაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, დახმარების სანაცვლოდ, პირობითი მოუხსნეს.
დოკუმენტებში არსებული ინფორმაციით დგინდება,რომ წინა საარჩევნოდ დახმარების სანაცვლოდ დამნაშავეთა ნაწილი პირობითი მსჯავრის შემსუბუქებას ან საერთოდ გაუქმებას, ნაწილი კი საპატიმროში უკეთეს პირობებს ან ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს.
ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან გაგზავნილ ამ დოკუმენტებს ხელს გლდანის მაშინდელი გამგებელი ბექა მიქაუტაძე აწერს. სქემა ასეთია – კონკრეტული უბნის გამგებელი, ან შტაბის უფროსი ადგილობრივი ძველი ბიჭებისგან იღებს მოთხოვნებს, შემდეგ აგზავნიან ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში, საიდანაც მოთხოვნა შესაბამისი უწყების მაღალჩინოსნებთან იგზავნება.
2018 წელს ასეთი მოთხოვნები იუსტიციის მინისტრის მაშინდელ მოადგილესთან გიორგი პატარიძესა და შსს-ის გენინსპექციის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან იგზავნებოდა.
სუსიდან გამოტანილი დოკუმენტებით მტკიცდება, რომ 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება – შსს, იუსტიციისა და განათლების სამინისტროები და რა, თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ათასობით ფაილში გვხვდება კონკრეტული მაღალჩინოსნების სახელები და მათ მიერ ჩადენილი ძალიან მძიმე დანაშაულების ფაქტები.
ერთ-ერთი ფაილის მიხედვით, პარტიის მაღალჩინოსნებთან მცხეთის საოლქო ორგანიზაციის შტაბის მაშინდელმა უფროსმა გიორგი კაპანაძემ წერილი გაგზავნა. ის 9 პრობაციონერისთვის სასჯელის გაუქმებას ითხოვს. მათგან ერთ-ერთი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.
სოსო გოგაშვილის მიერ გასაჯაროებული მასალები სკანდალურ ინფორმაციებს შეიცავს. ამხელს პოლიტიკოსების დანაშაულებს. ამხელს ე.წ ძველი ბიჭების ქმედებებსაც, რომელიც კანონით დასჯადია და ასევე მათ წრეში მიუღებელი.
მთავარი არხი