„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევა ჩაუტარდა, „მისი მდგომარეობა სტაბილურია“

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევა დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჩხაიძემ აღნიშნა, სააკაშვილს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა ჩაუტარდა.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკური დირექტორის განცხადებით, ბოლო პერიოდში სააკაშვილი მუცლის არეში ყრუ ტკივილებს უჩიოდა, რის გამოც, აღნიშნული კვლევის ჩატარება საჭირო გახდა.

„დღეს დაგეგმილი იყო კიდევ ერთი კვლევა – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და კვლევა – კოლონოსკოპია უკვე ჩატარებულია, პაციენტი უკვე პალატაშია მოთავსებული. კვლევამ ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაიარა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დათვალიერება მოხდა ანესთეზიის ქვეშ. მისი მდგომარეობა სტაბილურია, არაფერი განსაკუთრებული კვლევის შემდეგ არ მომხდარა.

მას განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში ჩივილი ჰქონდა მუცლის ქვედა ნაწილში ყრუ ტკივილებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩაითვალა საჭიროდ, მაინც გამორიცხულიყო რაიმე სხვა დაავადება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share