ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას “ფარისევლურს” და “ამაზრზენს” უწოდებს.
როგორც უგულავა Facebook-წერს, ივანიშვილის მხრიდან აშშ-ის ელჩთან შეხვედრის გასაჯაროება “მდაბალი და ამაზრზენი საქციელია”, რაც მის “მეწვრილმანე, ინტრიგანის ბუნებას წარმოაჩენს”.
“ივანიშვილმა წერილი გამოაცხო. ფარისევლური და ამაზრზენი. “ჩემს და ბანკს შორის ურთიერთობას ქვეყანას თავს არ მოვახვევო.” აბა “ვერტალიოტზე”, ნახატების აქეთ-იქით ზიდვაზე და “სვის კრედიტთან” დაძაბულობაზე თავად არ გვამცნეთ. მთელი სახელისუფლო პროპაგანდა ააწყეთ ამაზე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას და ომში ჩათრევას გაიძულებდნენ – პირდაპირ დასახელდა აშშ, როგორც მთავარი მტერი. ან ის სამი საცოდავი ჩიტი რატომ გამოყავით ჩიტების დედა ბუდეს? დღე და ღამე რომ ჩვენს პარტნიორებს ლანძღავენ!
ახლა როცა ყველა ხიდი დაწვა ოცნებამ დასავლეთთან, ყველა ჩვენი პარტნიორი კრიმინალად გამოაცხადა, თავიდან იწყებთ ვირეშმაკობას – დავალაგოთ ურთიერთობა დასავლეთთანო. ალბათ, მიხვდით რომ თქვენი მეტრი პუტინი წააგებს ომს და გამარჯვებულის მხარეს გინდათ შეეტენოთ! სანქციების შიში ოხერია. ფული კი არ მოგაკლდებათ, მაგრამ რეპუტაციულად განადგურდებით. აღარ გამოგივათ ქვეყნის ასე აბუჩად აგდება.
დაგაგვიანდათ! დეოლიგარქიზაციაა დასავლეთთან ურთიერთობის წინაპირობა. დეოლიგარქიზაცია ანუ თქვენი ძალაუფლებიდან რეალური წასვლა. თქვენს ვირეშმაკობას, ორპირობას და ფარისევლობას აღარავინ იღებს. თქვენთან ერთად საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და რაც უფრო მალე ჩამოეცლებით ამ ქვეყანას უკეთესია თქვენთვის და საქართველოს მომავლისთვის
პ.ს. ელჩ დეგნანთან დაკავშირებით პირადად თქვენი საქციელი არის მდაბალი და ამაზრზენი. მთელი ეგ ისტორია თქვენს მეწვრილმანე, ინტრიგანის ბუნებას წარმოაჩენს.
პ.პ.ს. და კიდევ ერთი – გაათავისუფლეთ სააკაშვილი და გვარამია. ეს თქვენი ვალია. დიახ, ვალი ამ ქვეყნის მიმართ, რომელსაც დაბრუნება უნდა”, – წერს გიგი უგულავა.