ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ რუსული გაზის მოხმარების შემცირებაზე უფრო მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რომელიც მიმართულია „რუსეთის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის კავშირების გაწყვეტაზე“. ამის შესახებ მან „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„რუსულ ომის მანქანას სჭირდება არა მხოლოდ ფული, არამედ ტექნოლოგიები. შეხედეთ დაზიანებული რუსული ტანკის კორპუსს და დაინახავთ რამდენი ელექტრონული კომპონენტი აქვს მას დასავლური კომპანიებიდან. რუსებს აღარ ექნებათ მათთან წვდომა“,- განაცხადა ბორელმა.
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, მიმდინარე წელს რუსეთის მთლიანი შიადა პროდუქტი 10%-ით შემცირდება, რაც ბორელის შეფასებით, გამოიწვევს ყველაზე დიდ რეცესიას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ჯოზეფ ბორელის თქმით, ძალიან მალე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწევს თავისი მოსახლეობისთვის არჩევანი გააკეთოს იარაღსა და ზეთს შორის. ის ევროკავშირის ენერგოპოლიტიკისკენ მიმართულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ ომის დაწყების დღიდან ბუნებრივი აირის შეძენა რუსეთისგან გაანახევრა.
„თუ ომის დაწყებამდე რუსული ენერგომატარებლების წილი ევროკავშირში 40%-ს შეადგენდა, ახლა ის 20%-მდე შემცირდა“,- განაცხადა ბორელმა.
მან ამასთანავე განმარტა, რომ შეუძლებელია ევროპულ ეკონომიკას მოსთხოვო გაზის შეძენა ერთ ღამეში შეწყვიტოს.
„ჩვენ არ შეგვიძლია სასწაულების მოხდენა“,- აღნიშნა ბორელმა.
კითხვაზე, თუ რატომ არ დააწესა ბრიუსელმა რუსულ გაზზე სადამსჯელო ტარიფები მოსკოვის სამხედრო ხაზინაში სახსრების ნაკადის შესამცირებლად, ბორელმა თქვა, რომ ეს წინადადება სერიოზულად იქნა განხილული, მაგრამ უარყოფილი. მისი თქმით, სამაგიეროდ, მიიღეს „მტკიცე გადაწყვეტილება“, წლის ბოლოდან შეეწყვიტათ რუსული ნავთობის ყიდვა, ახლა კი გაზის ყიდვის შეწყვეტის პროცესში არიან. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსული გაზის იმპორტის შემდგომი შემცირება “სწრაფად” მოხდება.