თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ი შვილობილ კომპანიას $20 მილიარდს უგზავნის.
გასულ კვირას Rosatom-მა თურქ დეველოპერ Akkuyu Nuclear-ს დაახლოებით $5 მილიარდი გადაურიცხა. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი კერძო სახსრებით ფინანსდება.
პროექტმა მიიღო დაფინანსება რუსეთის უმსხვილესი კრედიტორისგან, Sberbank-სგან, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება და Sovcombank-სგან, რომელიც ასევე სანქცირებულია.
Sberbank-ი პროექტის პირველი კრედიტორია და 2019 წელს 7 წელზე გათვლილი 400 მლნ დოლარიანი სესხიც გასცა.
2010 წლის მაისში რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, Rosatom-ის შვილობილი კომპანია, Akkuyu Nuclear JSC ააშენებდა ელექტროსადგურს, რომელიც იქნებოდა მის საკუთრებაში და იზრუნებდა მის ფუნქციონირებაზეც.
ელექტროსადგურის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და პირველი ბლოკის ფუნქციონირება 2023 წელს, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე დაიწყება. დანარჩენი 3 ბლოკის ფუნქციონირება კი 2026 წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს.
ელექტროსადგურს VVER-ის ოთხი 1200-მეგავატიანი ბირთვული რეაქტორი ექნება, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე 4 800 მეგავატს შეადგენს, წლიურად 35 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლება და ქვეყნის საერთო მოხმარების 10%-ს დააკმაყოფილებს.
პროექტის დაფინანსებას რუსი ინვესტორები უზრუნველყოფენ, მათ შორის, 93%-მდე Rosatom-ის შვილობილი კომპანია. მომავალში 49%-მდე წილის გაყიდვა შესაძლებელი იქნება სხვა ინვესტორებზე, შესყიდვის პოტენციურ ინვესტორებად თურქული კომპანიები, Park Teknik-ი და Elektrik Üretim-ი განიხილებიან.
PPA-ის (ენერგიის შესყიდვის შეთანხმება) ფარგლებში, თურქეთის ელექტროენერგიის ვაჭრობისა და კონტრაქტების კორპორაცია 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდის პირველი და მეორე ბლოკის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 70%-ს, ხოლო მეორე და მეოთხე ბლოკიდან გენერირებული ენერგიის 30%-ს, დანარჩენი ელექტროენერგის გაყიდვა მწარმოებელს ბაზარზე შეეძლება. ელექტროენერგიის ტარიფი 1 კვტ.სთ-ზე 12.35 ამერიკული ცენტი იქნება.