აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული 29 ივლისს, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს:
“ამერიკულ სახელმწიფო კლინიკებში სერიოზული სამედიცინო შეცდომის დაშვების შემთხვევაში, იკრიბება სპეციალური ჯგუფი, რომელიც პრობლემის ძირფესვიან ანალიზს აკეთებს და ვალდებულია შეიმუშავოს რეკომენდაციები, რათა მსგავსი შეცდომა არასოდეს განმეორდეს. ეს არის სტანდარტული პროცესი და რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი არ ითვალისწინებს არავის დასჯას. ადმინისტრაციას ესმის, რომ დასჯის შიშით ადამიანები დამალავენ სიმართლეს და შეუძლებელი იქნება პრობლემის მთავარი მიზეზის მოძიება და აღმოფხვრა. ამიტომ, შიშის ფენომენისგან დაცლილია გამოძიების მთელი პროცესი.
ეს არის ერთადერთი გზა, რომ ყველაფერი ადექვატურად შეფასდეს და პრობლემაც სამუდამოდ აღმოიფხვრას. შეცდომის მსხვერპლი მსხვერპლად კი არ უნდა დარჩეს, არამედ სხვათა სიცოცხლის პერმანენტულ მხსნელად.
ამ პრინციპით რომ შევხედოთ გუდაურის ტრაგედიას, შესაძლებელი იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის გამოყოფა, რომლებსაც შემდგომი დახვეწა და სრულყოფა დასჭირდება.
1. უზარმაზარი, მძიმე და მოუხეშავი MI-8 ვერტმფრენი არ არის იდეალური საშუალება სამთო-სამაშველო სამუშაობისათვის, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ვერტმფრენის თავდაპირველ დიზაინში ეს ფუნქცია არც არასოდეს ყოფილა ჩადებული.
2. სამთო-სამაშველო სამუშაოებისათვის საჭიროა ამ მიზნით შექმნილი და მოდიფიცირებული ვერტმფრენების შეძენა და გამოყენება.
3. სახიფათო ოპერაციების შესრულების დროს მაშველი ეკიპაჟის რაოდენობა უნდა იყოს მკაცრად ლიმიტირებული; კერძოდ, პატარა, მსუბუქ, მოქნილ ვერტმფრენს უნდა მართავდეს ერთი პილოტი და ბორტზე მაშველებთან ერთად უნდა იყვნენ მხოლოდ პარამედიკოსები და არა ექიმები.
4. ვერტმფრენის გამოყენების საჭიროება ობიექტურად უნდა იქნეს შეფასებული ოპერაციის დაწყებამდე, რათა ადგილი არ ჰქონდეს ავანტურისტულ, ინდივიდუალურ თვითშემოქმედებებს, რამდენადაც კეთილშობილური მიზნით არ უნდა იყოს ეს ჩადენილი.
5. ჯანდაცვის სამინისტრო დროა დაფიქრდეს პარამედიკოსების ინსტიტუტის შექმნაზე და სამედიცინო-სამაშველო სამუშაოებისათვის და სასწრაფო დახმარების სამსახურებისათვის არ გამოიყენოს ექიმები. ასეთია საერთაშორისო სტანდარტები”, – წერს გურული.
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მედიკოსი, მაშველები და პილოტები. ბორტზე მყოფები მიფრინავდნენ პარაპლანისტების დასახმარებლად, რომლებიც კლდეს შეეჯახნენ. ერთ-ერთი პარაპლანისტი, უცხოელი ტურისტი შემთხვევას ემსხვერპლა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ: მაშველები – მფრინავები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე; კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი; სასწრაფოს დახმარების ექიმები – ქეთი გულაგაშვილი, გიორგი ვენეცკი.