„მარშუტკასავით“ ჰყავდათ გაგდებული, მთაგორიან ქვეყანაში შეიძლება ბეხრეკი, საბჭოთა ვერტმფრენი დაფრინავდეს?“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, პრეტენზიები არა პარაპლანის პილოტებთან, არამედ სახელმწიფოსთან აქვს.
ელისაშვილი ამბობს, რომ პარაპლანების ფრენასთან დაკავშირებით აბსოლუტური განუკითხაობაა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მოვეშვები, სანამ შვეულმფრენს არ იყიდიან და სანამ უფრო მეტი პასუხისმგებლობით არ მოეკიდებიან ასეთ საკითხებს. 1 თვის განმავლობაში 2 პარაპლანი ჩამოვარდა, პრეტენზიები მაქვს სახელმწიფოსთან. გუდაურშიც და სხვაგანაც პარაპლანების ფრენასთან დაკავშირებით აბსოლუტური განუკითხაობა იყო, განსაკუთრებით გუდაურში.
თვითნასწავლი შეიძლება მხატვარი იყო, შეიძლება დურგალი იყო და ბევრს არაფერს აშავებდე, მაგრამ როცა სერვისს სთავაზობ, როცა წარმოდგენა არ გაქვს ხეობის ქარზე, საჰაერო დინებებზე, ეს არის უპასუხისმგებლობა. პარაპლანის პილოტებს არანაირი სკოლა, არანაირი ლიცენზია და მომზადება არ აქვთ.
თუ მარტო ხარ და შენ თვითონ დაფრინავ კი ბატონო, მაგრამ როცა ხალხს სერვისს სთავაზობ და სიკვდილზე მიგყავს ადამიანი, ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა.
პარაპლანის პილოტებთან არ მაქვს პრეტენზია, პრეტენზია მაქვს სახელმწიფოსთან. აკრძალა პარაპლანებით ფრენა და ეს არის გამოსავალი? შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდეს და გაგვცეს პასუხი, მთაგორიანია მთელი საქართველო, იქნებ ისიც არ იციან, რომ მთაგორიანია საქართველო და სწორი და მინდვრიანი ქვეყანა ჰგონიათ. მთაგორიან ქვეყანაში შეიძლება ბეხრეკი, საბჭოთა ვერტმფრენი დაფრინავდეს? ის ვერტმფრენი „მარშუტკასავით“ ჰყავდათ გაგდებული“, – აცხადებს ელისაშვილი.
ცნობისთვის, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა, რის გამოც ადგილზე სამაშველო სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას ვერტმფრენი, რომელიც შემთხვევის ადგილისკენ მიემართებოდა, ჩამოვარდა და აფეთქდა. დაიღუპა ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი.