„ეს ზამთარი მარტივი არ იქნება, მაგრამ ევროპა არ გაიყინება“ – რუსეთმა ევროკავშირის უკვე 12 ქვეყანას გაზის მიწოდება შეუმცირა, ან შეუწყვიტა

რუსეთიდან გაზის მიწოდების პრობლემები ამა თუ იმ ხარისხით ევროკავშირის 12 ქვეყანას შეეხო, ევროკომისია გაერთიანების წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მოემზადონ რუსული გაზის მიწოდების შემდგომი შეფერხებების, ან სრული შეჩერებისთვისაც კი. ანალიტიკოსთა შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ზამთარი მარტივი არ იქნება, თუმცა, არც ისეთი რთული, როგორც ამას რუსული წყაროები ხატავენ, რომ ევროპა გაიყინება.

ამასთან, ეს ევროპისთვის „სიურპრიზი” არ იყო და ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ, შესაბამისი კომუნიკაცია მიდის ვროკავშირის ქვეყნების მოსახლეობასთანაც და საბოლოო ჯამში შესაძლოა მომავალი წლიდან რუსეთზე ენერგოდამკიდებუილება ნულამდე დაიყვანონ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა მოემზადონ რუსული გაზის მიწოდების შემდგომი შეფერხებების ან სრული შეჩერებისთვისაც კი. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციიდან გაზის მიწოდების პრობლემები ამა თუ იმ ხარისხით ევროკავშირის 12 ქვეყანას შეეხო.

ლაიენის თქმით, 2022 წლის პირველ სემესტრში ევროკავშირმა 38 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა, რომელიც აკომპენსირებს რუსული გაზის მიწოდების შემცირებას 28 მილიარდი კუბური მეტრით. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლექტიური შეთანხმება გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებასთან დაკავშირებითძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირს ზამთრამდე მარაგების შევსებაში დაეხმარება.

„რუსეთმა შეამცირა ან შეუწყვიტა გაზის მიწოდება ევროკავშირის 12 ქვეყანას. ჩვენ უნდა მოვემზადოთ შემდგომი შეფერხებებისთვის ან უფრო მეტი, რუსული გაზის მიწოდების სრული შეჩერებისთვისაც კი.

„ევროკავშირი იღებს სულ უფრო მეტ გაზს ნორვეგიიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და კასპიის ზღვის რეგიონიდან და შედეგები უკვე თვალსაჩინოა…მჯერა, რომ ერთიანობა და სოლიდარობა, რომელიც დაგვეხმარება პანდემიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ასევე დაგვეხმარება დავძლიოთ ეს სირთულეებიც”,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანებსა და დანიას. აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსული გაზის რუბლში შესყიდვაზე უარი განაცხადეს.

ასევე ცნობილი გახდა იმის შესახებაც, რომ „გაზპრომმა” ბუნებრივი აირის მიწოდება ლატვიასაც შეუჩერა. როგორც რუსული კომპანია აღნიშნავს, ლატვიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების მიზეზი მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციებია.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხება ევროპისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, წევრი ქვყნები ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ.

„ამაზე ევროკავშირში დიდი ხანია მსჯელობენ და არ მგონია, რომ ვინმესთვის სიურპრიზი ყოფილიყო. მითუმეტეს ბალტიის სახელმწიფოებმა ზუსტად იცოდნენ, რომ რუსეთი ამას გააკეთებდა. თანაც ეს მხოლოდ თეორიული მოლოდინი არ იყო და ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. გაზის ის მოცულობა, რასაც რუსეთი აწვდიდა, მუდმივად მცირდებოდა, ხან მაღალ წნევას შეგნებულად უშვებდა, რომ ავარია მომხარიყო, ის რასაც აკეთებდა და არაერთხელ გაუკეთებია.

„ამიტომაც რუსული გაზის მოხმარების შემცირებაზე საუბარი რამდენიმე თვით ადრე დაიწყო და საბოლოო ჯამში სავარაუდოდ მომავალი წლიდან ენერგოდამოკიდებულება თითქმის ნულამდე დავა. ალტერნატიული გზები რა თქმა უნდა არსებობს, ერთ-ერთი გზა ისაა, რომელიც საქართველოზე გადის, ასევე ამერიკული გაზია – წელს პირველად ევროპაში რაოდებრივად ამერიკული გათხევადებული გაზის მოხმარებამ რუსული გაზის შესყიდვას გადააჭარბა.

„ასევე, აფრიკის სახელმწიფოები არიან, ალჟირი და სხვები, რომლებსაც მარაგები აქვთ, მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ ისინი მოპოვებას გაზრდიან და ესეც მნიშვნელოვანია. ასევე, ნორვეგია, რომელიც შეძლებს, რომ უფრო მეტი ბუნებრივი აირი მიაწოდოს, ეს ბალტიის სახელმწიფოებისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ალტერნატივაა, რადგან ყველაზე ახლოა.

„შესაძლებლობები არის, ნამდვილად არაა ისეთი ვითარება, რომ ევროპა რუსული გაზის გარეშე დაიუღუპება. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ისეთი უმტკივნეულო იქნება, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ იგრძნობს, ამისთვის კი ემზადებიან. მაგალითად, გერმანიაში შესაბამისი ახსნა-განმარტებითი კამპანია მიმდინარეობს და ეს არამხოლოდ გერმანიაშია.

„ამის გარდა მწვანე და განახლებად ენერგიაზე მიდის მუშაობა, მათ შორის საუბარია ატომურ ელექტროსადგურებზე, რომელთა მშენებლობა სწორედ გერმანიას ჰქონდა დაბლოკილი, რადგან ის პირველ და მეორე „ჩრდილოეთ ნაკადების” მშენებლობას მხარს უჭერდა და ეს თემაც გაიხსნება”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ევროპისთვის ზამთარი მარტივი არ იქნება, თუმცა არა ისეთი, როგორსაც რუსეთი ხატავს.

„ალტერნატივა საკმაოდ ბევრია, შესაბამისი კომუნიკაცია მიდის, მოსახლეობასთანაც, ბიზნესთანაც, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება და კონპენსაციის პაკეტები გაიხსნება. ასე რომ, როგორმე ამას თავს დააღწევენ. ეს ზამთარი მარტივი არ იქნება, მაგრამ არც ისეთი რთული, როგორც ამას რუსული წყაროები ხატავენ, რომ ევროპა გაიყინება და ა.შ.

„პრობლემები ცხადია იქნება, გადაწყობა ასე უცბად არ ხდება. ახლა ცდილობენ იმას, რომ გაზსაცავში მარაგები შეავსონ, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას გაზსაცავი ჰქონდეს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყველამ იცის ამ ფასს რისთვის იხდის. იციან, რომ ეს ევროპის უკეთესი მომავლისთვისაა, რუსეთმა უკრაინაში არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაიმარჯვოს, რადგან ყველას უფრო მეტი პრობლემები შეექმნება”,- განაცხადა ფხალაძემ.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ევროპისთვის ზამთარი მძიმე იქნება, ევროკავშირი ალტერნატიულ გზებს ეძებს, თუმცა რუსული გაზის ჩანაცვლება მოკლე პერიოდში ვერ მოხდება.

„აშკარად ჩანს, რომ ეს პრობლემა უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინაშ დგას, განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებიც ათწლეულობის განმავლობაში რუსულ გაზზე არიან დამოკიდებულები. ფაქტია, რომ ძალიან მძიმე ზამთარი იქნება, ამიტომაცაა, რომ ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს ამზადებს ახლავე იზრუნონ, რადგან ამას შესაძლოა სოციალურ-ეკონომიკური უკმაყოფილება მოჰყვეს, რომელიც შესაძლოა უკვე პოლიტიკურში გადაიზარდოს და რომელსაც შიძელება უკრაინისა და დასავლეთის პოზიციებზე გარკვეული ეფექტი ჰქონდეს.

„სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ მოუხედავად გაცხადებული მიზნისა, ზოგიერთ ქვეყანას რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმა ძალიან გაუჭირდება, ამიტომაცაა, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე ქვეყანამ ისეთი მექანიზმების მოფიქრება დაიწყო, რომლის მეშვეობით ისინი რუსეთიდან პირდაპირ კი არ ყიდულობენ, არამედ ხელშეკრულებას შუამავალ ორგანიზაციებთან დებენ.

„ევროკავშირი დივერსიფიკაციას ცდილობს, მათ შორის აზერბაიჯანსაც რთავს, აშშ ვენესუელასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ სავარაუდოდ ამ ყვლაფერის კომპენსირება ასე მოკლევადიან პერიოდში ძალიან რთული იქნება და ამას წლები დასჭირდება, რომ გარკვეული შედეგი დაიდოს. მითუმეტეს, რუსეთი ამ ქვეყნებისგან ენერგიის საფასურის გადახდას რუსულ რუბლში ითხოვს, რაც ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება”,-განაცხადა კაკაჩიამ.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share