„ვერ მართავენ საზოგადოებას და ამიტომ იგონებენ ხელოვნურ საფრთხეებს – ზაქარეიშვილი „ქართულ ოცნებაზე“

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ტვ პირველთან“ საუბარში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის საკითხსა და მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე საუბრობს.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო აღშფოთებულია.

ზაქარეიშვილის თქმით, საუბარია იმ რუსების შესახებ, რომლებიც საქართველოში პროვოკაციულად იქცევიან. სწორედ ამიტომ, კონფლიქტოლოგის თქმით, საჭიროა ასეთ რუსებს მიეთითოთ, რომ ისინი იმყოფებიან ქვეყანაში, სადაც რუსეთი გასაგები მიზეზების გამო არ უყვართ.

„ძალიან გამწარებულები არიან და მართლა აღშფოთებული ვარ მათი ასეთი უტიფარი, ცინიკური სიცრუით. მათ აშკარად პროვოკაციული გამოსვლები აქვთ. არავინ არ უყურებს ამ ხალხს საქართველოში როგორც მაინცდამაინც მტრებს.

საუბარია იმ რუსების მიმართ, რომლებიც გამომწვევად იქცევიან. ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ და ძალიან ბევრი რუსი მხვდება მოკრძალებულად, ნორმალურად, 10-ჯერ მოიხდიან ბოდიშს და რაღაცას იკითხავენ. არ ვთვლი, რომ ამ ადამიანების მიმართ არსებობს აგრესია, მაგრამ აშკარად არიან რუსები, ვრცელდება ვიდეოები და ვიცით ფაქტები, სადაც ძალიან თავხედურად და უტიფრად იქცევიან.

ჩემი თაობა ყველა გავიზარდეთ საბჭოთა კავშირში და არიან იმ კატეგორიის რუსები, რომლებსაც არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, იმიტომ რომ ქართველებს ჩამორჩებიან განათლებით გარკვეული ქცევებით, ღირსებებით. ამ კატეგორიის ადამიანებთან საჭიროა სხვა ურთიერთობები, მათ უნდა მიეთითოთ, რომ ისინი იმყოფებიან ქვეყანაში, სადაც რუსეთი გასაგები მიზეზების გამო არ უყვართ.

ისინი ვერ მართავენ ქართულ საზოგადოებას და ამიტომ იგონებენ ამ ხელოვნურ საფრთხეებს, რომელმაც საბოლოო ჯამში ომამდე უნდა მიგვიყვანოს. მათ უნდათ, რომ პატარა აგდებული კენჭი მიგორდეს ომის ზვავთან. მათ უნდათ, რომ ქართული საზოგადოება დადუმდეს. რატომ? იმიტომ კი არა, რომ რუსები გავაღიზიანოთ, აღარ არსებობს რუსების გაღიზიანების არავითარი პროპაგანდა.

მათი მთავარი ამოცანა ის არის, რომ ყველაფერი გააკეთონ ისე, რომ არავინ არ შეეხოს „ქართულ ოცნებას“. ნებისმიერ წამოსულ პატარა ისარსაც კი ომის საფრთხედ აქცევენ“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ცნობისთვის, 5 აგვისტოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ  რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. კობახიძის შეფასებით, ტყუილია, რომ ეს საფრთხეა.

აგრეთვე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო რაოდენობის შემოსვლა ოპოზიციის მიერ მოგონილი ტყუილია.

მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უკრაინაში ომის დაწყებიდან 31 ივლისის ჩათვლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკაც გააცნო და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი 2019 წლის  მონაცემებს ჩამორჩება.

ირაკლი კობახიძის თქმით, კვლევებითაც დასტურდება, რომ საქართველოში ძირითადად ახალგაზრდები შემოდიან, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, ძირითადად, არიან IT-ის, კულტურის, მენეჯმენტის სფეროდან და დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაზრდის მიზანია საქართველო ომში ჩაერთოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share