„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მოუწოდა სასწრაფოდ გამოეხმაურონ რუსების ჩაგვრას საქართველოში – ამ სათაურით პუტინის მედია, Lenta.ru სტატიას აქვეყნებს. მასალას ირაკლი კობახიძის ფოტო აქვს დართული.
“საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს რესპუბლიკაში რუსების ჩაგვრის ნებისმიერ შესაძლო ფაქტს. ამის შესახებ ბრიფინგზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოუწოდა”,- წერს გამოცემა “ინტერფაქსზე” დაყრდნობით.
სტატიაში ის მესიჯბოქსებია ციტირებული, რომელსაც ” ქართული ოცნება” იყენებს.
“პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელის თქმით, ქართული რადიკალური ოპოზიციური პარტიები, მათი ტელეარხები და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო დროს აქტიურად აწარმოებენ „შოვინისტურ და ქსენოფობიურ“ კამპანიას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ავტორებს „არანაირი კავშირი არ აქვთ ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან“ და მათი ერთადერთი მიზანია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნა”,- ვკითხულობთ სტატიაში.
ამავე სტატიაში რუსული მედია კობახიძეს ციტირებს და წერს:
„ეს დესტრუქციული ძალები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს დღეს საქართველოში იმდენი რუსეთის მოქალაქეა, რომ ეს საფრთხეს უქმნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენს ქვეყანაში არსებული ინფორმაციით, ამჟამად ჩვენს ქვეყანაში 110 000-მდე რუსეთის მოქალაქეა, რაც სამჯერ ნაკლებია კორონავირუსის პანდემიის წინა წლებში“, – განაცხადა მან.
პოლიტიკოსმა ასევე დასძინა, რომ საქართველოში რუსების უმრავლესობა ეთნიკური ქართველია, რომლებიც ძირითადად ცდილობენ, თავიანთი ბიზნესის ორგანიზებას რესპუბლიკაში.
Lenta ru წერს, რომ მანამდე კობახიძემ უარყო ოპოზიციური ქართული პოლიტიკური ძალის ლელოს მოწოდება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ. მისი თქმით, ასეთი მოთხოვნა „სამარცხვინოა და არ ჯდება არანაირ ჩარჩოში“.
მთავარი არხი