2022 წელს საქართველოდან სომხეთში 14.6 მლნ დოლარის 2 034 ერთეული მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, გასული წლის 6 თვეში კი, 1.6 მლნ აშშ დოლარის 234 ერთეული ავტომობილის.
საქართველოს ავტო იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ლაშა დარბაისელი ,,ბიზნესპრესნიუსთან” ფაქტს რამდენიმე მიზეზით ხსნის, მათ შორის, რუსეთის ფაქტორით, სადაც შესაძლოა, სომხეთის გავლით გადიოდეს ავტომობილები საქართველოდან.
„სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომი ფაქტობრივად, დასრულდა. დასრულდა პანდემიაც და ზრდა, ცხადია ამ ორი ფაქტორის გამო მოსალოდნელი იყო რეექსპორტის მატება. ზრდის მიზეზია ისიც, რომ ახალი წლოვანების ავტომობილები სჭირდებათ. ეს მხოლოდ სომხეთში არა, აზერბაიჯანშიც 2005 წლის ქვემოთ ასაკის ავტომობილს ვერ შეიყვან. გარკვეული წლოვანება აქვს განსაზღვრული სომხეთსაც. ეს არის ობიექტური მიზეზები, გარდა ამისა, არის სხვაც, რამაც არაბუნებრივი ზრდა განაპირობა.
რეალურად, ჩვენ გვერდით კონკურენტი ბაზარი იქმნება, რომელიც წაიღებს 800 მლნ დოლარს. აქვს ამ სექტორს რესურსი, რომ ასე განვითარდეს. ახლა ეს საფრთხე სომხეთში დგას, ადრე აზერბაიჯანში იყო, არარეალური ზდა რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია იქმნება, რომელსაც თუ ახლა ვერ გავუძლებთ, ვეღარ დავიბრუნებთ ამ ნიშას. თავიდან ამის შექმნა, რთულია თუ არა შეუძლებელი“, – განაცხადა ავტო იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.