რუსულმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის აეროფლოტმა, დაიწყეს თვითმფრინავების დემონტაჟი, სათადარიგო ნაწილებისთვის, რომელთა შეძენაც საზღვარგარეთ დასავლეთის სანქციების გამო აღარ არის შესაძლებელი. ამის შესახებ იტყობინება Reuters, ინდუსტრიის ოთხ წყაროზე დაყრდნობით.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ნაბიჯები შეესაბამება რუსეთის მთავრობის რეკომენდაციებს ივნისში, რომელმაც გასცა რამდენიმე თვითმფრინავის დემონტაჟის რეკომენდაცია, რათა დარჩენილ უცხოური წარმოების თვითმფრინავებს ფრენა მინიმუმ 2025 წლამდე გაეგრძელებინათ.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს უკრაინაში დაიწყო ომი, ხელს უშლის მის ავიაკომპანიებს ნაწილების ან ტექნიკური მომსახურების მიღებას დასავლეთში.
სააგენტოს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს სულ მცირე ერთი რუსული Sukhoi Superjet 100-ის და პრაქტიკულად ახალი Airbus A350-ის დემონტაჟი. აღჭურვილობა ასევე ამოიღეს აეროფლოტის რამდენიმე თვითმფრინავიდან – Boeing 737 და Airbus A320, აღნიშნა Reuters-მა.
რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ და რუსულმა ავიაკომპანიამ კომენტარის მოთხოვნაზე არ უპასუხეს.
აპრილში შეერთებულმა შტატებმა დააწესა საექსპორტო სანქციები სამი რუსული ავიაკომპანიის – Aeroflot-ის, Utair-ისა და Azur Air-ის მიმართ. ვაშინგტონმა მათ აუკრძალა ამერიკული თვითმფრინავების ნაწილების გაყიდვა, თუნდაც მესამე ქვეყნების გავლით.
მანამდე, მარტში, ჩინეთმა უარი თქვა რუსული ავიახაზებისთვის თვითმფრინავების კომპონენტების მიწოდებაზე. “ჩვენ დავავალეთ თავად ავიაკომპანიას, დაედგინა, სად აქვს მას ამ სათადარიგო ნაწილების მოპოვების შესაძლებლობა. როგორც ვიცი, ისეთი ინფორმაცია გავიდა, რომ მათ, მაგალითად, ჩინეთს მიმართეს და ჩინელებმა უარი თქვეს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს MRO Russia & CIS კონფერენციის ფარგლებში ვალერი კუდინოვმა, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხომალდების საფრენოსნო ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა.