აგვისტოს ომის ყველაზე სისხლიანი ეპიზოდი – 11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა

2008 წლის აგვისტოს ომის ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული ეპიზოდი – 11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა.

შინდისში ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. იმდენხანს, რომ წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდათ. ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს ყველა შეიარაღება, რაც კი გააჩნდათ. მათ შორის მსხვილკალიბირანი იარაღიც, ესროლეს ტანკებიდანაც. ბრძოლის დასრულების შემდგომ კი რუსულმა ასეულმა შენობაში მხოლოდ 17 ქართველი იპოვა. მტერმა მათი დამარცხება მას შემდეგ შეძლო, რაც ქართველებს ტყვია-წამალი გაუთავდათ.

14 წლის წინ, სოფელ შინდისთან, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა:

ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

შინდისის შეტაკების ნაწილია ნათლიისაა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოეს.

 

შინდისის გმირების მემორიალი, რომლისთვისაც 2018 წლის შემდეგ ჯამში 1 160 000 ათასი ლარი დაიხარჯა, 14 წლის შემდეგაც ვერ აშენდა.

2 წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წლის თავზე ბრინჯაოს მონუმენტი დასრულებული იქნებოდა, თუმცა პრემიერის დაპირება არათუ გასულ წელს, წელსაც არ შესრულდა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. ყველა თანხმდება, რომ შინდისის ბრძოლა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმისა და გამორჩეული სიმამაცის ეპიზოდია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share