“ოცნება” ოპოზიციას ეუბნება, რომ პრინციპების ღალატი ქვეყნის უკეთეს მომავალს ემსახურება და მისი მორალურად გატეხვა უნდა, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.
მისი თქმით, მას ეს პროცესი სრულიად მარტოს აქვს გავლილი და მან ეს შიდა სამზარეულო შიგნიდან იცის.
“ესენი იბრძვიან იმისთვის, რომ ჩემი, თქვენი, სხვა ამომრჩევლის ხმა არ იყოს გაყალბებული. კიდევ უფრო მეტ ნდობას იწვევენ, როდესაც ამ პრინციპულ პოლიტიკაში არიან შესული. ეს ადამიანები მუდმივი წნეხის ქვეშ არიან, პირდაპირი და ირიბი ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც ახორციელებს მმართველი ძალა.
ცდილობენ, რომ პრინციპებიდან გადახვევა უკეთესი და მორალური პოზიციით გაუმართლონ. პოლიტიკოსისთვის, რომლისთვისაც თავისუფლებაა მნიშვნელოვანი ეუბნებიან, რომ პარლამენტში სესვლით ან არშესვლით არათავისუფლებას ემსახურება. ვიღაცისთვის, ვისთვისაც დასავლეთია მნიშვნელოვანი ეუბნებიან, რომ დასავლეთს ასე უნდა და მის პოზიციაზე დადექითო.
ცდილობენ მოაჩვენონ, რომ პრინციპების ღალატი უკეთესი საქართველოსთვის მუშაობაა. აი საქართველოს ასე სჭირდება, ამით ცდილობენ მათი მორალის გატეხვას. მე ამას კონკრეტული საკითხებიდან გამომდინარე არ ვამბობ, მე ეს გავლილი მაქვს სრულიად მარტო, ცდილობდნენ გადამეხვია პრონციპებისთვის და ეს მომენათლა ქვეყნის სამსახურიდან. ეს სამზარეულო შიგნიდან ვიცი და არა ის, რომ ვიღაცას დაურეკეს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.