„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, ევროკომისიის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ყველაზე მძიმე შეფასებები ისმის, რაც კი როდისმე ევროკავშირს გაუკეთებია:
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეფასება, რაც კი ევროკავშირს გაუკეთებია. ეს თუ გაგრძელდა, არათუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მიღება, ვიზებსაც გაგვიუქმებენ იმიტომ, რომ „წითელ ხაზად“ გასდევს ერთი მთავარი სიტყვა, რომელსაც იმეორებენ უამრავჯერ-უკუსვლა, უკუსვლა, უკუსვლა, ყველა მიმართულებით უკუსვლა. წინსვლა არის პოლიტიკური პატიმრების დაჭერაში. თუ ერთი პოლიტიკური პატიმარი იყო, ახლა კიდევ რამდენიმე დაემატა“, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.
ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა.
ამასთან, ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის ოფისმა ზეწოლა იმის გამო განიცადა, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს. გარდა ამისა, ანგარიშში ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები მოხვდა.