ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო გამარტივებული შესყიდვის გზით დახარჯავს 1 მლნ ლარს „ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებაში“.
ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ჯავახაძემ 28 ივლისს მიმართა შესყიდვების სააგენტოს და სთხოვა ნებართვა, მომსახურება გამარტივებული წესით შეესყიდა. ამას სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი ავალდებულებს.
ის აცხადებს, რომ სააგენტო გეგმავს „სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებისგან და კონსულტანტებისგან“, ხოლო გამარტივებული წესის გამოყენების აუცილებლობას ასე ასაბუთებს:
„აღნიშნული საკითხი წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებას და საკონსულტაციო მომსახურება უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, აღნიშნულ დარგში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და მოთხოვნილი გამოცდილება კი საქართველოში ოპერირებად კომპანიებს ნაკლებად გააჩნიათ“.
განმარტების თანახმად, ის კომპანიები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა აქვთ, „არიან ჩართულნი პროექტში“ და „იცნობენ პროექტის ყველა დეტალს“. საუბარია შემდეგ კომპანიებზე: Dechert Georgia, White & Case, Port Consultants Rotterdam, Maritime & Transport Business Solutions B.V. და ა.შ..
განცხადებაზე პასუხად შესყიდვების სააგენტომ 10 აგვისტოს განკარგებულებით ანაკლიის სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების უფლება მისცა.
ანაკლიის განვითარების სააგენტოს თქმით, მისი ძირითადი მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის,
- ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლება,
- შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავება,
- შერჩევის პროცესის წარმართვა და სხვა.
დაზუსტებული მონაცემებით, შესყიდვის ობიექტია სხვადასხვა სახის საკონსულტაციო ან/და საკონტროლო მომსახურებები, კერძოდ:
- სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები;
- მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები,
- მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში,
- საინჟინრო მომსახურებები,
- ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები,
- კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები,
- ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები,
- იურიდიული მომსახურებები;
- ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა.
საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.
2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.
კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი 2018 წელს დატოვა.
საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.
4 მარტს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.
netgazeti.ge