ოჯახის ამოწყვეტით მემუქრება საქართველოში ყველაზე მდიდარი და ყოვლისშემძლე ადამიანი – სოსო გოგაშვილის სკანდალური ჩვენებისა და ბრალდების მიუხედავად, ხელისუფლება საკმარის არგუმენტს ვერ პოულობს იმისთვის, რომ სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ დასახელებული ბიძინა ივანიშვილი დასაკითხად დაიბარონ.
გოგაშვილმა თუ თქვა, ამ ფაქტს უნდა დავეყრდნოთ და ნახევარი საქართველო დაკითხვაზე დავიბაროთ? ეს არის ფაქტი და არგუმენტი?
რამდენ სისულელეს გოგაშვილი იტყვის, იმდენ სისულელეზე ჩვენ წინ და უკან უნდა ვიაროთ?
რაღამც ბიძინა ივანიშვილია, ამიტომ მან ვიღაცის სისულელეზე უნდა იაროს წინ და უკან დაკითხვაზე? – ამბობს მმართველი გუნდის წევრი გიორგი ამილახვარი.
დღეს რუსთავის ციხეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა და სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს ჩვენება ჩამოართვა.
თუმცა, გამომძიებელმა არ უპასუხა შეკითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, დაიბარებენ თუ არა გოგაშვილის სკანდალური ბრალდების ადრესატს, ბიძინა ივანიშვილს, დაკითხვაზე.