ინტერნეტთაღლითების ახალი სქემა – როგორ იპარავენ ფიშერები ფულს ონლაინ მყიდველის სტატუსით?

ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქემა არის ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმის Mymarket.ge-ის მომხმარებლების მონაცემთა უკანონოდ დაუფლება და მათი პირადი ანგარიშებიდან თანხის მოპარვა. ინტერნეტთაღლითები შემდეგნაირად მუშაობენ:

  • უკავშირდებიან კლიენტებს როგორც მყიდველები და ნივთის შეძენის სურვილს გამოთქვამენ, შემდეგ საფასურის ჩასარიცხად უგზავნიან ბმულს, რომლის ველებშიც კლიენტმა პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოს. აღნიშნული მონაცემები შეიძლება მოიცავდეს: საბანკო ბარათის 16-ნიშნა კოდს, CVV კოდს, რომელიც ბარათის უკანა მხარესაა მითითებული, ბარათის მოქმედების ვადას, ბარათის ორივე მხარის ფოტოსურათს და ტელეფონზე მიღებულ ერთჯერად კოდს. კიბერთაღლითობის აღნიშნული ფორმა ბოლო პერიოდში იმდენად გახშირდა, რომ ინტერნეტმომხმარებლები სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფში ერთმანეთს თავიანთ შემთხვევებს უამბობდნენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ;
  • ყალბი მყიდველები კლიენტებს ნივთის გასაგზავნად აწვდიან ყალბ ფიშინგ ბმულებს ან Mymarket.ge-სთვის მიმსგავსებულ ბმულს და სთხოვენ ბარათისა თუ სხვა პირად მონაცემებს.

კიბერთაღლითები სხვის კუთვნილ ფინანსებს უძრავი ქონების ვებგვერდების მეშვეობითაც ეუფლებიან:

  • ქონების ყიდვა/გაყიდვა-გაქირავების ვებგვერდის მეშვეობით ყალბი დამქირავებელი უკავშირდება ქონების მესაკუთრეს და „მორიგების“ შემდეგ თანხის ჩასარიცხად უგზავნის ბმულს, რომელიც მიმსგავსებულია იმავე ან რომელიმე საერთაშორისო ვებგვერდს (მაგალითად, „ვესტერნ იუნიონი“). ბმულზე მითითებულ ველებში კი მესაკუთრემ თავისი პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოს. ნებისმიერი სქემის შემთხვევაში, თაღლითები სწრაფად იპარავენ თანხებს ანგარიშიდან და დაზარალებულებისთვის მათი მიკვლევა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

fff-1660638681.jpg

იმისათვის, რომ ინტერნეტთაღლითებისგან თავის დაცვა შევძლოთ, მნიშვნელოვანია, ძირითად მეთოდებზე გვქონდეს წარმოდგენა და ვიცოდეთ, როგორ ვიმოქმედოთ პირადი მონაცემების გაცემის შემთხვევაში:

  • თაღლითები ბიზნესკომუნიკაციისთვის ხშირად იყენებენ WhatsApp-სა და Viber-ს. ეს პირველი დეტალია, რამაც შეიძლება ეჭვი გამოიწვიოს. თუმცა ისინი გარწმუნებენ, რომ შენ მიერ განთავსებული ნივთის/ქონების შეძენა სურთ და წინასწარ აპირებენ თანხის ნაწილის, ე. წ. ბეს ჩარიცხვას. ნდობის მოპოვების შემდეგ თაღლითები ფინალურ ეტაპზე გადადიან და იმისთვის, რომ ფული ჩაგირიცხონ, ანგარიშის ნომრის ნაცვლად შენგან ითხოვენ მონაცემებს, რომლებიც აღნიშნული ტრანზაქციისთვის რეალურად საჭირო არ არის. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ მონაცემებს მაინც შევიყვანთ, სწრაფად უნდა დავუკავშირდეთ მომსახურე ბანკს, რათა მოახდინოთ ბარათის/ანგარიშების დაბლოკვა.
  • გათამაშება – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სცენარი, რასაც თაღლითები ჩვენს ფინანსებზე წვდომის მოსაპოვებლად იყენებენ. მაგალითად, მიმზიდველი გათამაშებით გთხოვენ ავტორიზაციას და სანაცვლოდ კი ძვირადღირებული ტექნიკის მოგების შანსს გთავაზობენ. ყალბ გვერდზე ავტორიზაციის შემდეგ კი ეუფლებიან მოტყუებული ადამიანების ფინანსებს. ყოველთვის დაუკავშირდით ბანკს თუ სხვა პროფილის კომპანიას და გადაამოწმეთ, რეალურად ატარებს თუ არა ამგვარ გათამაშებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ მასში მონაწილეობა.
  • კიბერდამნაშავეები „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ხშირად უგზავნიან საქმიან შეთავაზებას და სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობას სთავაზობენ. ისინი მომხმარებელს არწმუნებენ, რომ თუ ბრენდის ამბასადორი გახდება, კოსმეტიკას, ტანსაცმელსა და აქსესუარებს უფასოდ მიიღებს, სანაცვლოდ კი სოციალურ ქსელებში მხოლოდ ფოტოები უნდა განათავსოს. თანხმობის შემდეგ, „ინსტაგრამ“ მომხმარებელს უგზავნის ვებგვერდის ბმულს, სადაც არჩევს სასურველ სამკაულს, ტანსაცმელს თუ სხვა ნივთს, უთითებს საკუთარ მისამართს, იხდის ტრანსპორტირების საფასურს, რისთვისაც საბანკო ბარათის მონაცემები შეჰყავს და მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შემოთავაზება ქრება, არც დაპირებულ პროდუქციას უგზავნიან და არც თანხას უბრუნებენ. ყოველთვის სიფრთხილით მოეკიდეთ ამგვარ შემოთავაზებებს, რადგან თაღლითები მხოლოდ იმას ელოდებიან, როდის შეცდებით.
  • ფიშინგის ერთ-ერთი ყველაზე „ძველი“ და გავრცელებული ფორმაა ელექტრონული კომერციის გაყალბებული გვერდები. ელექტრონული კომერციის ვებგვერდიდან ნივთის გამოწერისას და „გუგლის“ საძიებო სისტემაში მოძებნეთ მაგალითად, Aliexpress.com. ვებგვერდი გამოჩნდა, თუმცა არ დააკვირდით, რომ Aliexpress.com-ის ნაცვლად, Aliexpresi.com წერია. დიახ, ვებგვერდის სახელი მცირედითაა შეცვლილი, რათა სიჩქარეში აგერიოთ და გამოწერილი ნივთის თანხა უნებლიედ თაღლითებს ჩაურიცხოთ. ასეც ხდება, არჩევთ, პირობითად, ტელეფონის ჩასადებს, გადადიხართ შეძენის ეტაპზე და შეგყავთ საბანკო ანგარიშის მონაცემები. სამწუხაროდ, წინა შემთხვევების მსგავსად, თაღლითებს თქვენს ფულზე წვდომას აძლევთ. ამგვარი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, შეამოწმეთ ვებმისამართი. სასურველია, მის დასახელებაში არ აღმოჩნდეს შეცდომა ან ვებმისამართი სწორად იწყებოდეს. ასევე, დარწმუნდით, რომ მისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია მწვანე, ჩაკეტილი სიმბოლო. დააჭირეთ ბოქლომის ღილაკს და შეამოწმეთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ფიშინგისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია, გადავამოწმოთ ნებისმიერი შემოთავაზების რეალურობა და მხოლოდ დარწმუნების შემთხვევაში შევიყვანოთ საბანკო მონაცემები.

უნდა გახსოვდეთ, იმისათვის რომ თანხა ჩაგირიცხონ არ არის საჭირო ბარათის სრული მონაცემების გაზიარება. თუ მესამე პირთან კომუნიკაციისას ის მოგთხოვთ, სრულად შეიყვანოთ სადმე ბარათის მონაცემები (16 ციფრი, CVV კოდი, მოქმედების ვადადა ა.შ.) ან დისტანციური არხის მონაცემები, ეს იქნება მინიშნება რომ ცდილობენ, მახეში გაგაბან, რადგან მსგავსი ინფორმაციის გაზიარება ტრანზაქციას არ სჭირდება.

აღნიშნული ფორმისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა, რაც ფიშერების საეჭვო სქემების ამოცნობაში დაგვეხმარება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share