კასპიის მილსადენის კონსორციუმით (CPC), რომელიც ყაზახური ნავთობექსპორტის მთავარი მარშრუტია, ნავთობის მიწოდება ისევ შემცირდა. კონსორციუმი თავის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში მიზეზად ნავთობის ორი ნავმისადგომის დაზიანებას ასახელებს.
CPC აცხადებს, რომ ექსპორტი ნავთობის ჩატვირთვის ორი ნავმისადგომის დაზიანების გამო, გადამზიდავების მოთხოვნით შემცირდა. კონსორციუმი სულ ჩატვირთვის სამ მოწყობილობას იყენებს, რომლიდანაც ორი ერთეულის კორპუსზე მყვინთავებმა აგვისტოში ბზარები აღმოაჩინეს. ამჟამად ჩატვირთვის ოპერაციები მხოლოდ მესამე დისტანციური დასამაგრებელი მოწყობილობით მიმდინარეობს. CPC-ის ცნობით, შავი ზღვის რეგიონის მოსახლეობას, ფლორასა და ფაუნას საფრთხე არ ემუქრება, რადგან დაზიანებული მოწყობილობების ჰერმეტულობა შენარჩუნებულია და ნავთობის დაღვრაზე რაიმე ინციდენტი ან ავარია არ დაფიქსირებულა.
კასპიის მილსადენის კონსორციუმით გამავალი ნავთობის 80% ყაზახურია. რუსული Forbes-ის შეფასებით, CPC-ის მუშაობაში პრობლემები ორივეჯერ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის რუსეთში ვიზიტის შემდეგ გაჩნდა. ივნისში მან მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, სადაც პუტინს პირისპირ განუცხადა, რომ რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები „კვაზისახელმწიფოებრივი ტერიტორიებია“ და ყაზახეთი მათ არასდროს აღიარებდა. ტოკაევის თქმით, ყაზახეთი ეწინააღმდეგება „ქაოსს“, რომელიც შესაძლოა, წარმოიშვას, თუ ყველა ნაცია თვითგამორკვევისკენ თავის უფლებას გამოიყენებს. ამ განცხადებიდან ცოტა ხანში, 5 ივლისს ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი შეწყდა, როცა ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ CPC-ის საზღვაო ტერმინალის მუშაობა 30 დღით შეაჩერა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად „როსტრანსნადზორის“ მიერ გამოვლენილი დარღვევები დასახელდა. მოგვიანებით რუსეთმა უკან დაიხია და იმავე პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ კონსორციუმი ფუნქციონირების შეჩერებაზე გადაწყვეტილება 200 000 რუბლის (3 310 დოლარის) ოდენობის ჯარიმით შეცვალა.
მეორეჯერ ტოკაევი რუსეთში 19 აგვისტოს იმყოფებოდა, როცა სოჭში პუტინს შეხვდა. მართალია, მან განაცხადა, რომ „მომავალ თანამშრომლობაზე პესიმისტური პროგნოზების საფუძველი არ არსებობს,“ თუმცა, Forbes-ის შეფასებით, ფაქტია, რომ მეორე შეხვედრასაც რუსეთის პორტში ყაზახური ნავთობის მიწოდების შემცირება მოჰყვა.
გამოცემა იხსენებს, რომ ივლისში ტოკაევმა მთავრობას რუსეთის გვერდის ავლით ნავთობმიწოდების ახალი, მათ შორის საზღვაო გზების მოძიება დაავალა. ამასთან, ტოკაევმა მთავრობას ატირაუ-კენკიაკის და კენკიაკ-კუმკოლის ნავთობსადენების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის ზომების მიღება დაავალა.
„ყაზახეთის პრეზიდენტმა პრიორიტეტად ტრანსკასპიური მარშრუტი დაასახელა, რომელიც ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით გადის,“ – წერს Forbes.