უკრაინის პოლკ “აზოვის” მებრძოლებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ, 22 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს იმ წამების შესახებ, რომელსაც მათ და მათი თანამებრძოლების წინააღმდეგ საპატიმროში იყენებდნენ რუსი სამხედროები.
“ზოგიერთებს ჭრილობებში ნემსებს გვარჭობდნენ, ზოგიერთებს კი წყლის გამოყენებით გვაწამებდნენ”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ვლადისლავ ჟავორონოკმა, მეტსახელად “ვიკიპედიამ”, რომელსაც პატიმრობაში ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს.
როგორ ყოფილი სამხედრო ტყვე ამტკიცებს, ამას გარდა, რუსი ოკუპანტები მათ მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებსაც იყენებდნენ.
“რუსეთის ფსიქოლოგიური ზეწოლა ეფუძნება იმას, რომ “ჩვენ არავის ვჭირდებით და რომ ჩვენ ამ ომს ვაგებთ”. წარმოიდგინეთ, რომ მძიმედ დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფები და პირველივე დღიდანვე იწყება მორალური ზეწოლა, დაკითხვა. ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ ჩემი დაკითხვა უკვე მიმდინარეობდა მანამდე, ვიდრე კიდურის ამპუტაციის შემდეგ ანტიბიოტიკებს დამინიშნავდნენ. ძნელია, რომ ამას მკურნალობა ეწოდოს”, – განაცხადა “ვიკიპედიამ” და დასძინა, რომ რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროები არ იღებენ სათანადო მკურნალობას.
ამჟამად რუსეთის ტყვეობაშია ქარხანა აზოვსტალის 2,5 ათასზე მეტი დამცველი, რომელთა სასამართლო პროცესები რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს დაამთხვიოს.
ამ ცნობას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების „გასამართლება“ კრემლთან მოლაპარაკებებს შეუძლებელს გახდის.
რადიო თავისუფლება