ბორჯომის ხეობის ხანძარმა სოფელ დვირის წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესია მოსპო და შეიწირა ფრესკები, რომლებიც ათ საუკუნეზე მეტს ითვლიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ტყის ხანძარი დასახლებებსა და ინფრასტრუქტურულ ნაგებობებსაც სულ უფრო უახლოვდება. სოფელ თისელში პოლიციამ ნავთობსადენისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. სოფელ დვირთან კი სარკინიგზო ეშელონებია გაჩერებული.
მატარებლები მოძრაობას დაკვამლიანებისა და ცეცხლის გამო ვერ აგრძელებენ. ადგილობრივი მოსახლეობა სახნავ-სათესი მიწებისა და საძოვრების განადგურებასაც ჩივის. დაკვამლიანება კი სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება.
ხალხი უკვე სუნთქვის გაძნელებაზე საუბრობს, დაფიქსირდა მცირეწლოვნის მოწამვლის ფაქტიც.