”ხელისუფლება მიდის ანტიდასავლური გზით და ქვეყანაც ამ გზით მიჰყავს”

პოეტი რატი ამაღლობელი ერთ-ერთია მათგან, ვინც ქვეყანაში (და მის ფარგლებს გარეთაც) მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალყურს და მიაჩნია, რომ ცვლილებები აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში, საქართველო ცივილიზებულ სამყაროს მოსწყდება და თუ უახლოეს ხანში, შემოდგომაზე მაინც არაფერი შეიცვალა, ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე დაემუქრება…ის ამ და სხვა თემებზე “კვირის პალიტრასთან” საუბრობს:

”ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ნამდვილად არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის საფუძველს. მხოლოდ ხელისუფლება რომ მიდიოდეს ანტიდასავლური გზით, კიდევ არაფერი, მაგრამ სავალალო ის არის, რომ ქვეყანა მიჰყავთ ამ გზით, მოქალაქეების სურვილის საწინააღმდეგოდ. ის, რაც ახლა ხდება, ევროპისგან ნაბიჯ-ნაბიჯ დაშორება, ჩვენი ანტიდასავლური ხელისუფლების გეგმის ნაწილია, რომელსაც უკვე აშკარად მიჰყვებიან. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მათი მიზნები და ზრახვები კიდევ უფრო აშკარა გახდა. ზოგადად, ევროპის შუაგულში მიმდინარე ომმა ბევრი რამ შეცვალა მსოფლიოში და ასევე ძალიან ბევრი რამ დაგვანახვა ქვეყნის შიგნით. მსოფლიოში ძალთა ახალი გადანაწილება დაიწყო და იმის ნაცვლად, რომ საქართველომ თავისი ადგილი იპოვოს და დაიმკვიდროს, ამ ხელისუფლების დამსახურებით, ევროპულ კურსს სრულიად გადავუხვიეთ. თან ჰყოფნით თავხედობა, ეს ოპოზიციას დააბრალონ და ყველაფერთან ერთად, თვალებში ნაცარს გვაყრიან, თითქოს საზოგადოებამ არ იცის, რომ ქვეყანაში მიმდინარე საგარეო და საშინაო პოლიტიკურ პროცესებზე, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა სახის პრობლემებზე მმართველი გუნდი აგებს პასუხს.

არ მახსოვს, ბოლო წლებში ასეთი იმედგაცრუება კიდევ როდის მქონდა. ის შანსი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა და ამ ომის ფონზე შექმნილმა შესაძლებლობამ მოგვცა, ხელისუფლების სათავეში მყოფი მართლაც უნიათო და მავნებლური გუნდის გამო დავკარგეთ. მოლდავეთმა და უკრაინამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველო კი, რომელიც ამ რიგში, რუსეთ-უკრაინის ფონზე მართლაც პირველი უნდა ყოფილიყო, ხელისუფლების, კერძოდ კი პრემიერის სამარცხვინო განცხადებების ფონზე დაიჩაგრა. დავინახეთ, რომ რუსეთისგან წამოსული რისკებისა და საფრთხეების პირისპირ დარჩენილ საქართველოს, ევროპული თანამეგობრობა მოკავშირედ და თანამშრომლად არ განიხილავს. ეს ახლა, ამ უმძიმეს რეალობაში, როდესაც საქართველოც და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცეც რუსეთის სამიზნედ არის ქცეული, “ქართულმა ოცნებამ” თავისი ქმედებებით, საქართველო მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილს მოსწყვიტა.

ცვლილებები ხელისუფლებაზე ზეწოლით უნდა მოხდეს; საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის გამოცოცხლებაა საჭირო. ეს მათი საქმეა, მწერლები და პოეტები პოლიტიკურ ამინდსა და დღის წესრიგს ვერ შექმნიან. მათ უნდა დასახონ გეგმა, რომლის გარშემო ქართველი საზოგადოება გაერთიანდება. როდესაც ევროპული მომავლისკენ სავალ გზაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საგარეო კურსის განსაზღვრისას, ყველანი ერთნი ვართ.

მუდმივად ომის, მეორე ფრონტის, თავდასხმისა და რაღაც აბსტრაქტულ, თუნდაც ობიექტურ შიშზე საუბრით ცხოვრება შეუძლებელია. მგლის შიშით ფარას ვერ გავწყვეტთ. მუდმივად რაღაცის შიშით, ბარემ სიცოცხლეზე ვთქვათ უარი… საქართველოს დალხენილად არასდროს უცხოვრია, მაგრამ აქამდე მოვედით. სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის, ქვეყნის, სახელმწიფოდ არსებობა ყოველთვის რომელიმე მეზობელ ქვეყანასთან კონფლიქტს შეიცავდა და უარი ვთქვათ მაშინ დამოუკიდებლობაზე, ამით საფრთხეებიც განეიტრალდება. მეტიც, გვარ-სახელზე, იდენტობაზე, ეროვნებაზე ვთქვათ უარი, ასე უფრო მარტივი იქნება, ვიღაცებს თვალში რომ არ გავეჩხიროთ. საერთოდ, შევწყვიტოთ არსებობა და ეს იმით გავამართლოთ, – აბა, ომს ხომ არ დავიწყებდითო?! აბა მითხარით, როგორ შეიძლება საქართველოს, როგორც ქვეყნის, სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი შიში იყოს, როდესაც ამ პატარა ქვეყანას ათასჯერ მაინც გაუვლია ბეწვის ხიდზე, სისხლიც დაუღვრია, ღალატიც ბევრი უნახავს და ღირსეული გამარჯვებაც მოუპოვებია. როგორ შეიძლება შიშმა რამე შექმნას, ააშენოს ქვეყანაში… აწმყოს დაკარგვის შიშით, უკეთეს მომავალზე ფიქრი და ოცნება ვერ უნდა გავბედოთ?..”

კვირის პალიტრა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share