ჩაუტარდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, მეორე ნაწილი იქნება ტესტებით – უცხოელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილს კვლევებს უტარებენ

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილთან გაეროში აკრედიტებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი იმყოფება. შვეიცარიელი სპეციალისტი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს. დღესვე შვეიცარიელი ექსპერტი გეგმავს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ვიდეოჩანაწერებს გაეცნოს.

მანამდე კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილს კვლევა ამერიკელმა ფსიქიატრმა ჩაუტარა. ერიკ დეივიდ გოლდ სმიტმა ვიზიტის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. თუმცა როგორც ცნობილი გახდა, ის რამდენიმე საათში კვლავ დაბრუნდება კლინიკაში და კვლევების ჩატარებას განაახლებს.

კლინიკასთან იმყოფება მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე. მისი თქმით, სპეციალისტები ქვეყანას ხვალ დატოვებენ და დაახლოებით 5 დღეში მოამზადებენ დასკვნას, რომელიც ინტეგრირებული იქნება ცენტრ “ემპათიას” მიერ მომზადებულ დასკვნასთან.

“მან ჩაუტარა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. როგორც ვიცი, დიქტოფონი შეიტანა და მოახდინა საუბრის ჩაწერა. მეორე ნაწილი იქნება ტესტებით ჩატარებული. დაასრულა პირველი კვლევის ნაწილი, მეორე კვლევის ნაწილს გააგრძელებს რამდენიმე საათში. საექსპერტო დასკვნა გამოგზავნილი იქნება ამერიკიდან დოკუმენტის სახით, რომელიც დაერთვება საექსპერტო დასკვნას”,- ამბობს ხაჭაპურიძე. 

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მთავარი კითხვაა ახლა როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის და ასევე, მისი მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობის მომენტიდანვე. შეფასებული იქნება მისი მდგომარეობა ციხეში მოხვედრამდე და როგორი უნდა იყოს მკურნალობა მომავალში.

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კი ამბობს რომ დარწმუნებულია, რომ ექსპერტებისგან იქნება ობიექტური დასკვნა.

“მოლოდინი და იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ობიექტური დასკვნა და მერე ამ დასკვნის საფუძველზე, ჩვენი მოსამართლეები მიღებენ გადაწყვეტილებას. ჩემი იმედია, რომ ეს დასკვნა იქნება იმის შესაფერისი რაც ჰქონდა ისედაც ქართველი ექიმებისგან, რომ ეს დაავადებები რაც აქვს არის ისეთი სიმძიმის, რომ ძნელია მისი განკურნება და ამ კლინიკაში რთულია ეს ყველაფერი”,- თქვა გიული ალასანიამ. 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა რამდენიმე დღეში უნდა მოამზადონ დასკვნა – რა მკურნალობა ესაჭიროება პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს და აუცილებელია თუ არა მისი უცხოეთში გადაყვანა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share