6 სექტემბერს პარლამენტში საშემოდგომო სესია დაიწყება. პროცესში ჩართვას გეგმავს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია – „ნაციონალური მოძრაობაც“ და, პარალელურად, ქუჩის პროტესტისთვისაც ემზადება. პარტიაში არ იზიარებენ შეფასებებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ქრება და ოპოზიცია ამომრჩევლების დაკვეთას დაშორდა.
ზაფხულის განმავლობაში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობას ხშირად აკრიტიკებდნენ ექსპერტები და მიძინებული პოლიტიკური პროცესის შესახებ მიუთითებდნენ. ივნის-ივლისში სამი ხალხმრავალი აქციის შემდეგ, ძირითადი ყურადღება პარლამენტისკენ, ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობის პრობლემური პროცესისკენ იყო მიმართული.
„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ჯგუფებში მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციური პარტია ჩაერთო. სხვები, და მათ შორის – „ნაციონალური მოძრაობა“, მუშაობას დამოუკიდებლად განაგრძობდნენ. „ქართული ოცნება“ პირობას დებს, მაგრამ ოპოზიციის უდიდეს ნაწილს არ სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პუნქტი შესრულდება.
- რას აპირებს ოპოზიცია იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება არ შეასრულებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას?
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ, საშემოდგომო სესიის დაწყების შემდეგ, პარტია აპირებს, ერთი მხრივ, წარადგინოს საკუთარი კანონპროექტები ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესაბამისად და, მეორე მხრივ, დაელოდოს „ქართული ოცნების“ კანონპროექტებს.
„თუკი [„ქართული ოცნების“ მიერ] შესაბამისი კანონმდებლობა არ იქნება შემოტანილი, ვფიქრობთ, პოლიტიკურ პარტიებსაც და მთლიანად საზოგადოებასაც, რჩება ორი გზა, ეს არის საჯარო პროტესტი და ვადამდელი არჩევნები… ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულად ამოწურა რესურსი – მას აღარ შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა და კარს უკეტავს ევროპას“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, ნუგზარ წიკლაური და იქვე ამატებს, რომ პარტია საჯარო პროტესტისთვის აქტიურად ემზადება და სხვა პარტიებიც, მისი ინფორმაციით, „განიხილავენ ასეთ შესაძლებლობას“.
რას ნიშნავს “აქტიური მზადება” ?
„მთელი ზაფხული არ გაჩერებულა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი. პრაქტიკულად ყოველ დღე გვქონდა დიდი შეხვედრები… პარტიული სტრუქტურების გარდა, ჩვენ მნიშვნელოვნად ვთვლით იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც უკვე ხედავენ, რომ ევროპული გზა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა შეუთავსებელია ერთმანეთთან… ჩვენი კვლევით, 10%-მდეა შემცირებული მათი რიცხვი, ვისაც სჯერა, რომ შესაძლებელია თან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და თან ევროპული გზა“, – გვპასუხობს წიკლაური.
საპროტესტო აქციების პერსპექტივებს განიხილავს, როგორც „ლელო“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, „რეფორმების ჯგუფის“ აპარატის ხელმძღვანელი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ განიხილება ყველა პარტიასთან თანამშრომლობა, „რომელიც თვლის, რომ „ქართული ოცნება” აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და არის პროდასავლური ორიენტაციის”.
ოპოზიციური პარტიები, მათ შორის – „ნაციონალური მოძრაობა“, არ განიხილავენ საპარლამენტო ბოიკოტს.
ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, მუშაობა მინდინარეობს შესაბამის კანონპროექტებზე, რომლებიც აუცილებელია ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად და ხელისუფლებამ არ უნდა მოახდინოს მათი იგნორირება, საშემოდგომო სესიის დაწყების შემდეგ.
„თუ ხელისუფლებას აინტერესებს ის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს, მაშინ კომიტეტებსა და სხდომებზე ერთობლივად უნდა იქნას განხილული ის ინიციატივები, რომლებსაც წარადგენს ოპოზიცია. მათ შორის ეს ეხება ფართო ინკლუზიურ პროცესს სამოქალაქო სექტორთან ერთად“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ 29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ოპოზიციის საქმიანობის მიმართ ბოლო დროს მკაფიოდ სკეპტიკური დამოკიდებულება იკვეთება ექსპერტების მხრიდან.
„საქართველოში პოლიტიკური პროცესი კომაშია და მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე ხელოვნურ სუნთქვაზეც კი არ არის შეერთებული“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ხათუნა ლაგაზიძე – პოლიტოლოგი და რომელიც მუდმივად იყო ჩართული სამოქალაქო აქტივობაში, მაგრამ ახლა, როგორც ამბობს, პოლიტიკის მიმართ ინტერესი საერთოდ დაკარგა.
„ამომრჩეველი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არსებობენ ერთმანეთისგან სრულად აცდენილ სივრცეებში… რასაც ვხედავთ, ხალხი არ მიჰყვება პოლიტიკოსებს… თითქოს მოკვდა პროცესი, რომელიც ქიმიას ქმნის ამომრჩევლებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობაში, ახდენს საერთო ინტერესების აკუმულირებასა და შემდეგ, შესაძლებელს ხდის ამ ინტერესებისთვის ბრძოლას“ , – ლაგაზიძე არ ფიქრობს, რომ ამ მოცემულობას მხოლოდ შემოდგომის მოსვლა უშველის, რადგან “ეს პრობლემები არ არის ახალი”. მის მიერ დასახელებული ძირითადი პრობლემა არის ის, რომ „პოლიტიკოსები ხალხს ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ მომავლის ხატს ვერ სთავაზობენ“ და საკმარისი არ არის მხოლოდ ევროკავშირისკენ სწრაფვის წყურვილი, რაც ხალხმა გამოხატა.
„აბსტრაქტული იდეების დრო წარსულს ჩაბარდა. იდეა უნდა იყოს კონკრეტული… ევროკავშირი ვერ იქნება მიზანი, ევროკავშირი ბერკეტია იმ ბევრად უკეთესი საქართველოს ასაშენებლად, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ… და ის საქართველო როგორია? ამას ჯერჯერობით ვერ სთავაზობს ამომრჩეველს ვერცერთი პოლიტიკური პარტია… ხალხმა შენს მიერ დანახული საქართველოს ხატის უნდა დაიჯეროს, რომ გამოგყვეს“, – გვეუბნება ლაგაზიძე.
აპარტიული პროტესტი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლებლად თვლიან, რომ ადამიანებს უფრო აქტიური პოლიტიკური პროცესი სურთ, მაგრამ არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ არ ითვალისწინებენ საზოგადოების დაკვეთას და მკაფიო პოლიტიკური ორენტირები არ არსებობს.
„მე მჯერა, რომ ძალიან დიდი პროტესტი იქნება… ეს არ არის პარტიული პროტესტი. პირიქით, სრულიად აპარტიული მოძრაობა იქნება შემოდგომის მოძრაობა, იმიტომ, რომ ერთ მხარეს არის ევროპა, მეორე მხარეს არის – რუსული პერსპექტივა საქართველოში და ამიტომ მგონია, რომ ეს იქნება ხალხის დიდი მოძრაობა… მაგრამ პოლიტიკური პარტიების ამოცანაა, რომ ავანგარდშიც, მაგრამ, მინიმუმ – მხარდამხარ უნდა ედგნენ იმ განწყობებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში არის“, – ამბობს წიკლაური.
ბოლო თვეებში, სხვადასხვა საპროტესტო აქციის მონაწილეებს აშკარად არ სურდათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ჩართვა პროცესში და მათი ხილვა ავანსცენაზე. ხათუნა ლაგაზიძე გვეუბნება, რომ – პოლიტიკური ლიდერების გარეშე ხალხის პროტესტი შესაძლოა ორი სცენარით განვითარდეს – ან უმართავი გახდეს, ანდა, ნიჰილიზმი მომძლავრდეს და მიილიოს და ჩაქრეს.
მიშას გარეშე
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ შემდგომას განსხვავებული რეალობით ხვდება. პარტიის საქმიანობით აღარ ინტერესდება მისი დამფუძნებელი, ექსპრეზიდენტი, ამჟამად პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება, რამდენიმე კვირის წინ, მისმა ადვოკატებმა გახადეს საჯარო.
მართალია, თავად სააკაშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებში, მთელი აგვისტოს განმავლობაში, ის მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებულ მოვლენებზე წერს. „მე ტყვეობაში ვარ, დაპატიმრებული საქართველოში, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია“, – წერია 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ ღია წერილში.
პარალელურად, ბოლო პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ერთი ნაწილის მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა ენმ-ის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ნიკა მელია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს გამოესარჩლა – ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ხაზარაძეს ენმ-ის აქტივისტი დაუპირისპირდა.
„სწორედ ასეთი, ამ ტიპის ქცევა ასრულებს საფრთხობელის როლს და სწორედ მისნაირების გამო ერიდება ბევრი ნაცმოძრაობის მხარდაჭერას.
დიახ, სამარცხვინოა, როდესაც ვითომ კეთილი ზრახვებითა და ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი, შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს.
მსგავსი ქცევებით, უარესი კეთდება, პირველ რიგში პარტიისათვის. მინდა ხაზგასმით ვთქვა – ამგვარი ფაქტები არ ემსახურება არც მიშას თავისუფლებას და არც საერთო ოპოზიციურ მიზანს – ქვეყნის გათავისუფლებას რუსი ოლიგარქისგან, რასაც აუცილებლად მივაღწევთ!” – დაწერა მელიამ თავის ფეისბუკზე.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძლიერი დაპირისპირებაა, მხარდამჭერები დაყოფილი არიან და“ნაციონალური მოძრაობის” „ძირითადი ელექტორატი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია“.
არის თუ არა განხეთქილება პარტიაში და მის მხარდამჭერებში?
„როდესაც ასეთი დიდი პარტიაა, არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები ტაქტიკასთან თუ პროტესტის ფორმებთან დაკავშირებით… მაგრამ იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ამაში არავითარი სხვაობა არ არის პარტიის ლიდერებს შორის. განსხვავებული აზრი არასოდეს გამიგია”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ნუგზარ წიკლაური.
ასევე მისი თქმით, სრული თანხმობაა “ევროპული განვითარებისა” და “პოლიტიკური დევნის დასრულების” მიზნებთან დაკავშირებით და “პარტია იმასაც აცნობიერებს, რომ უნდა უჩვენოს შიდა კონსოლიდაციის მაგალითი სხვა პარტიებსაც“.
რადიო თავისუფლება