ალი-ყული ჯაბადარი – მინიატიურების მხატვარია, რომელიც მე-17,მე-18 საუკუნეების ირანში მოღვაწეობდა. მისი ნახატებიდან ახლა მხოლოდ მცირე ნაწილია შემოჩენილი, მათგან ერთს ქართული წარწერაც ახლავს – გაურკვეველი, მაგრამ ნამდვილად ქართული ასობით დაწერილი. სწორედ ამ წარწერის გამო ვარაუდობენ, რომ ირანის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი ქართველი იყო.
ციცარი ლურჯი თავით და დაწინწკლული ტანით; ლურჯი, გაუხედნავი ცხენები სადღაც გარბიან. ასეთი ფერის ცხენი სინამდვილეში არ არსებობს, მაგრამ ალი-ყული ჯაბადარმა მაინც ასე დახატა. ეს ნახატი ახლა პეტერბურგში ინახება.
რა ვიცით ალი–ყული ჯაბადარზე?
ალი-ყული ჯაბადარი მოღვაწეობდა მე-17 საუკუნის დასასრულსა და მე-18 საუკუნის დასაწყისში, სეფიანთა ირანში, ქალაქებში ყაზმინსა და ისპაანში. ის მინიატიურების მხატვარი იყო. მხატვრის წარმოშობასთან დაკავშირებით ორი ვერსიაა, ალი-ყული ან ალბანელი უნდა ყოფილიყო, ან ქართველი, მაგრამ რადგანაც მის ერთ-ერთ მინიატიურაზე ქართული წარწერებია, მკვლევრები უფრო ქართველობისკენ იხრებიან.
„მე-16 საუკუნიდან კავკასიელები მონებად მიჰყავდათ ირანში. მათ სხვადასხვა პროფესიებს ასწავლიდნენ. ერთ–ერთი ვერსიით, ალი–ყული ჯაბადარის წინაპარი სწორედ ტყვედ წაყვანილი ქართველი იყო“, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე ირინა კოშორიძე.
„Encyclopedia Iranica“ წერს, რომ „ჯაბადარი“ მოდის სიტყვიდან ჯაბახანა – იარაღის საწყობი. საფავიდები ცდილობდნენ სამხედრო საქმის გასაუმჯობესებლად ევროპელები მოეწვიათ და შესაძლოა ალი-ყულიც ერთ-ერთი მათგანი იყოო.
ევროპა ირანში
იმ დროისთვის ირანში განვითარებული იყო ფარანგი საზი – მინიატიურების მხატვრობის ევროპული სტილი. სპარსულ მინიატიურებში ჩნდება შუქ-ჩრდილი, პეიზაჟი პერსპექტივით, ევროპულ ტანსაცმელში ჩაცმული პერსონაჟები, სხვადასხვა სცენარი. ირინა კოშორიძე ამბობს, რომ ამ მიმდინარეობას სამი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ჰყავს: მუჰამედ ზამანი, შეიჰ აბასი და ალი-ყული ჯაბადარი.
„ისპაანმა მსოფლიო ყურადღება შაჰ აბას პირველის პერიოდიდან მიიპყრო, რადგან ის ოსმალეთს დაუპირისპირდა და დაამარცხა. ამ დროს ირანში შემოდის დასავლური სამყარო, კათოლიკე მისიონერები, ელჩები, ევროპული საქონელი, ევროპული მოდა, ნახატები, გრავიურები…. იეზუიტებს შემოჰქონდათ დასურათებული ბიბლიები, ზეთის საღებავები… ეს ყველაფერი ალი–ყული ჯაბადართან მკაფიოდ აისახა. აი, მაგალითად, სიაუშ გურჯი, რომელიც უფრო ადრე, მე-16 საუკუნეში მოღვაწეობდა, წმინდა სპარსულ მინიატიურებს ხატავდა. მისი მინიატიურები „შაჰნამეშია“ შემონახული. სიაუშ გურჯზე თითქმის არაფერი ვიცით, მაგრამ რადგან გურჯი ერქვა, ვარაუდობენ, რომ ისიც ქართველი იყო“.
„Encyclopedia Iranica“ იმ ნაკლზეც წერს, რომელიც ალი-ყული ჯაბადარის ნახატებს აქვთ.
„სივრცე ფიგურებსა და განლაგებას შორის ხშირად ორაზროვანია, რაც სურათს აუხეშებს. მიუხედავად იმისა, რომ ალი–ყული გამოცდილი ოსტატი იყო, ფერწერას, როგორც ჩანს, ზედაპირულად უყურებდა. შესაძლებელია სხვა სფეროში უფრო მეტად იყო გაწაფული და თავდაპირველად იმისთვის მოიწვიეს, რომ ევროპული გრავიურებისა და ნახატების ასლები გაეკეთებინა“.
ქართული წარწერა მინიატიურაზე
ალი-ყული ჯაბადარის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მინიატიურაზე შაჰი და მისი კარია ასახული. ეს მინიატიურა პეტერბურგში ინახება და მიიჩნევა, რომ მასზე შაჰი სულეიმანია ასახული.
„აქ არის ჯაბადარის 7 მინიატიურა. ფადიშაჰები მინიატიურებს ერთად აკინძულებს აგროვებდნენ, ალბომად კრავდნენ. ეს განსაკუთრებით ინდოეთის იმპერიაში იყო პოპულარული“, – ამბობს ირინა კოშორიძე.
ამ მინიატიურაში ორი ფიგურის თავზე ქართული ასოებია. თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე ნანა გელაშვილი ვარაუდობს, რომ მინიატიურაზე არჩილ მეფეა გამოსახული და იქვე მისი სახელია მიწერილი. ის ასევე ვარაუდობს, რომ შაჰი არა სულეიმანი, არამედ აბას მეორეა, რომელთანაც ქართველი დიდგვაროვნები იყვნენ დაბარებულები.
„მე შევეცადე ეს წარწერები ამომეკითხა. ეს უნდა იყოს ისტორიული ფაქტი, მეფე არჩილ მეორის (მეფობდა 1661-1698 წლებში) და ქართველი დიდგვაროვნების სტუმრობა შაჰ აბას მეორის კარზე. მათ შორის ასევე იყო არჩილის სიძე გივი ამილახვარი. ცენტრში მჯდომი ფიგურა შაჰ აბას მეორეა, მის უკან დიდებულები. ერთ–ერთის თავზე იკითხება წარწერა „შაჰ ნაზარი“. ცნობილია, რომ 1663 წელს შაჰ აბას მეორემ არჩილი კახეთის სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად იხმო და გამუსულმანების შემდეგ ეს სახელი უწოდა“, – ამბობს ნანა გელაშვილი და მე-18 საუკუნის ისტორიკოსის სეხნია ჩხეიძის ციტატაც მოჰყავს: „მოეწონათ სიმხნე და სიკეთე არჩილისა, დასდვა პატივი, ვითარცა მამას შვილი მისვლოდა. ებოძა კახეთის ბატონობა. რჯული მისი და დაარქვა სახელად შაჰ–ნაზარ ხან“.
სპარსული წყაროების მიხედვით, ირანის კარზე ალი-ყური ჯაბადარის გარდა მინიატიურების ოსტატები იყვნენ მისი შვილი და შვილიშვილიც. ჯაბადარის მინიატიურები ამჯერად ინახება ერმიტაჟსა და კერძო კოლექციებში.
რადიო თავისუფლება