დასჯადი ხდება ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება – ე.წ. დრიფტი.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ამასთან, თუ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.