“უნიჭო სპექტაკლია” – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე მედიაში 17 სექტემბერს გასულ რეპორტაჟს სუსის მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების უკანონო მოსმენასა და თვალთვალთან დაკავშირებით. კალაძე ამბობს, რომ ეს “შეთითხნილია”.
“ეს არის ჩვეულებრივი, უნიჭო სპექტაკლი. ვნახე გუშინდელი სიუჟეტი, რომელიც იყო გაკეთებული, ძალიან უნიჭოდ დადგმული და შეთითხნილი იყო ეს ყველაფერი. საზოგადოება ძალან კარგად ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს არსებულ რეალობას, შესაბამისად, დეტალებში შესვლა და რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, არ მინდა… მე დავჯდე ახლა და გავაკეთო ანალოგიურად ვიდეოები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიურის გაკეთება”, – თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, 17 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ჩანაწერები სუსის მიერ პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის თაობაზე. ჟურნალისტების ინფორმაციით, ფოტო და ვიდეომასალა 2020 და 2021 წლით თარიღდება. ასევე, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციას ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებს.