ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინიც, როგორც ზევსი – განცხადება ამის შესახებ “მთავარი არხის” პატიმრობაში მყოფმა გენერალურმა დირექტორმა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა. ნიკა გვარამია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს:
“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ პრაქტიკულად სრულიად გასაგები გახდა, რომ ოპერაცია ევროპის მოტაცება ვერ შედგა, პუტინი დამარცხდა, რასაც ვულოცავ ჩემ თავს და მთელ საქართველოს პირველ რიგში, ჩემ შვილებს განსაკუთრებით და უკვე დროის საკითხია სავარაუდოდ, მე ასე მგონია, რომ მომავალ წელს, ამ დროს, უკრაინა იქნება გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში, ნუ ყირიმის გამოკლებით და სრულიად აღმაფრთოვანებელია ზელენსკის განცხადებები.
არც ერთი შეცდომა ამ ქვეყანას და მის პრეზიდენტს არ დაუშვიათ. როგორც სტრატეგიის, ასევე ტაქტიკის თვალსაზრისით, ომს არ ვგულისხმობ. საომარ მოქმედებებში ვერ ვერკვევი, მაგრამ პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით, შეცდომა არ დაუშვათ და ყირიმზე გაკეთებული ბოლო განცხადებაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ ეს დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს. გასაგებია წერტილი , როცა ეს ყველაფერი დასრულდება და როგორც დასრულდება გაყინული ყირიმით , რომელიც რუსეთის სრული დეგრადაციის შემდეგ, ცხადია რომ დაბრუნდება, ისევე როგორც დაბრუნდება ჩვენი ტერიტორიები. მოლდოვა უფრო ადრე სავარაუდოდ.
ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინიც, როგორც ზევსი. ბოლო ფოტო, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ისტორიული ფოტოა, როგორც ყირიმის კონფერენციის ფოტო იყო ცნობილი, პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ეს კაცი აღარ არსებობს იმ ძალმოსილებით, როგორითაც არსებობდა ათეული წლების განმავლობაში. პუტინი იყო ცუდი ბიჭი ხუთოსნებს შორის და იცით, რომ ხუთოსნებს შორის, ცუდი ბიჭები ყოველთვის უფრო ძლევამოსილად გამოიყურებიან, ახლა ის გადავიდა ცუდი ბიჭების ლიგაში და იქ უკვე ცუდი ბიჭი არ არის,იქ უკვე ჩმორია. ბოდიში ამ სიტყვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის განსაკუთრებით და მათი მომავლისთვის” თქვა ნიკა გვარამიამ.