ოკუპაცია „ოპელ ვექტრათი“ მოხდება თუ T-72-ით რა მნიშვნელობა აქვს – ოკუპაციის რეჟიმში ვართ, პირდაპირ გეუბნებით, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ რუსეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით მოქალაქეთა შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებას ახლა კარგი მომენტი აქვს, რომ რუსეთთან საზღვარი ჩაკეტოს.
„ეს ხალხი, რადგან მოდის და ომი მალე არ დამთავრდება, უკან დამბრუნებელი არ არის. აქ ტურიზმზე ლაპარაკი აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. ესენი არიან მიგრანტები, რომლებიც გაუგებარი ვადით უნდა დაფუძნდნენ საქართველოში. საქართველოში იმაზე მეტი არიან რუსები, ვიდრე სტატისტიკის ვირეშმაკობით რაღაც ციფრებს გვეუბნებიან. ცოტა ხანში ეს ხალხი შეიძლება ჩვენი შესანახი გახდეს.
ამ თვეების განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ კოლაბორაციონიზმის ზღვარზე იარა, რუსეთის უძლეველობის მითოლოგიას ნერგავდა, შიშს ნერგავდა, რომ არ გავაბრაზოთ რუსეთი, რომ მეორე ფრონტი არ გახსნას, არ შემოგვიტიოსო. დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა არ ეშინიათ, პუტინი, რომ გაბრაზდეს, მორღვეული რომ აქვთ საზღვარი საქართველოს გამო მობილიზაცია რომ ეშლება?! კარგი მომენტი აქვს ახლა საქართველოს ხელისუფლებას. თუ ასე ეშინია რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია უთხრას – შენ, რომ მობილიზაცია არ ჩაგეშალოს, ეს ხალხი, რომ გამორბის ამიტომ ჩავკეტე საზღვარი.
ოკუპაცია „ოპელ ვექტრათი“ მოხდება თუ T-72-ით რა მნიშვნელობა აქვს. ოკუპაციის რეჟიმში ვართ, პირდაპირ გეუბნებით. ეს არის ოკუპაცია, რბილი ძალა. წაიკითხონ წიგნები სუს-ში თუ არ წაუკითხავთ, მაგრამ წიგნებისთვის სად სცალიათ ბიზნესებს აწყობენ ამ მიგრანტებზე და შემდეგ საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ. რა უფლება აქვს ამ ხალხს, რომ საქართველოს სადღეგრძელო დალიოს. ოკუპაციას უწყობენ ხელს და მზად არიან გადაჭამონ საერთოდ, ოღონდ თავისი ჯიბე შეივსონ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.