საქართველოში საწვავი გაიფდა – ეს ავტომობილების მძღოლებისთვისაც შესამჩნევია, თუმცა ფასების კლება ზოგმა უფრო მეტად იგრძნო. ეს იმ მძღოლებს ეხებათ, რომლებიც არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურებით სარგებლობენ. აქ საწვავი უფრო იაფი ღირს.
რა განაპირობებს ბრენდირებულ და არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასთა შორის სხვაობას? მაშინ, როცა ხშირად ბრენდირებული და არაბრენდირებული გასამართი სადგურების მფლობელები საწვავს ერთი და იგივე მომწოდებლისგან ერთიდაიმავე ფასად ყიდულობენ?
კერძო სექტორის წარმომადგენლები 4 ძირითად მიზეზს ასახელებენ, რომელთაგან ერთ-ერთი მაღალი კონკრენციაა.
“არაბრენდირებული ბენზინგასამართების სექტორში დიდი კონკურენციაა. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ფასის დაწევა გაყიდვების სტიმულირებისთვის ხდება”, – აცხადებს “სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე.
კონკურენციის გარდა კიდევ ერთი მიზეზი ბრენდირებულ და არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ფასთაშორისი სხვაობისა საოპრაციო და კაპიტალური ხარჯებია.
როგორც “ვისოლ ჯგუფის” გენერალური დირექტორი აცხადებს, კაპიტალური და საოპერაციო ხარჯები ბრენდირებული ბენზიგასამართი სადგურის შემთხვევაში უფრო დიდია, რაც მისი თქმით, გარკვეულწილად, საცალო ბაზარზე საწვავის უფრო მაღალ ფასად გაყიდვის ერთ-ერთი წინაპირობაა.
“მიზეზი ის არის, რომ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს ნაკლები კაპიტალური დანახარჯები აქვთ და ინფრასტრუქტურაც ნაკლები აქვთ. გადასახადების ნაწილშიც არსებობს გარკვეულწილად კითხვის ნიშნები. იდენტიფიცირებულ მიზეზებზე თუ ვისაუბრებთ, ესაა ძირითადად ნაკლები კაპირალური და საოპერაციო დანახარჯები”, – ამბობს “ვისოლ ჯგუფის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები საერთაშორისო ფასების ცვლილებებზე უფრო სწრაფად რეაგირებენ, რაც შესყიდულ მარაგების მოცულობას უკავშირდება. როგორც გლობალური სავაჭრო ქსელის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, არაბრენდირებული ბენზინ გასამართი სადგურები მცირე მარაგების გამო, ფასების ცვლილებას უფრო მარტივად და სწრაფად ახერხებენ.
“პატარა კომპანიები საბითუმო ბაზარს სწრაფად მიყვებიან. მაგალითად დიზელის საწვავის შემთხვევაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფასი 30 თეთრით შემცირდა.
ეს კლება ხდებოდა დინამიკაში. დიდი კომპანიები ამას ვერ უბამენ მხარს, იმიტომ მათ დიდი მარაგი აქვთ შექმნილი. პატარა კომპანიას შეუძლია, რომ საბითუმო მიყვეს”, – აცხადებს გლობალური სავაჭრო ქსელის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.
არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელზეც ნავთობიმპორტიორთა კავშირში საუბრობენ. ვახტანგ იობაშვილი გვიხსნის, რომ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს კონტრაბანდულ საწვავზე აქვთ წვდომა.
მისი თქმით, ქვეყანაში მათ შორის აზერბაიჯანიდან იაფფასიანი საწვავი შემოდის, რაც არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს საწვავის დაბალ ფასად რეალიზაციის საშუალებას აძლევს.
“აზერბაიჯანიდან სამგზავრო ავტობუსი როდესაც გამოდის, მოყვება მას მხოლოდ ორი მგზავრი. გიკვირს, ამხელა ავტობუსი მოვიდა აზერბაიჯანიდან და მხოლოდ ორი მგზავრი მოიყვანა? არ ჭირდება მას მგზავრი, იმიტომ რომ ქვემოთ დამონტაჟებული აქვს 3 ტონიანი ბაკები. თბილისის შემოვლითი გზა რომ შემოიაროთ, განსაკუთრებით მარტყოფის მიდამოები, იქ შემოდის აზერბაიჯანული, ირანული ტრანსპორტიც.
ესენი მიდიან ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე, არ ვგულისხმობ არაბრენდირებულს. უსხამენ ნახევრის ფასად და იქვე აძლევენ ფულს. ამას ყურადღება უნდა მიექცეს”, – ამბობს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავჯდომარე ვახტანგ იობაშვილი.