იმდენად დაიძაბა სიტუაცია ჩემსა და სამედიცინო პერსონალს შორის, რომ პატრულის გამოძახებასაც კი ვაპირებდი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სააკაშვილის მიმართ ექიმების მიერ განხორციელებულ „ბულინგზე“ საუბრისას განაცხადა.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, კითხვების დასმის გამო, ექიმები ადვოკატებს „იბარებდნენ“ და „საქმეს ურჩევდნენ“.
„წამალი იყო აღმოჩენილი და ამ წამალთან დაკავშირებით დაცვის მხარეს გაგვაჩნდა კითხვები. ამერიკელმა ექსპერტმაც კითხვა დაგვისვა, ეს წამალი რომ ეძლევა, რა მიზნით ეძლევა? – დავსვით კითხვა და ეს კლინიკამ მიიღო საკმაოდ მტკივნეულად.
„ბულინგი“ გამოიხატებოდა იმაში, რომ მასთან შევიდა ექიმი და უთხრა, რომ „შენი ადვოკატები ასე იქცევიან, პრობლემებს ქმნიან“. შემდეგ გვიან ღამით, შემოთვალეს, რომ სასწრაფოდ უნდა შევიდეს ადვოკატი, წავიდა მეორე დღეს ვალერი გელბახიანი, გელბახიანმა ნახა, რომ ცუდად იყო, ჩამოვიდა განცხადება უნდა დაეწერა, განცხადება არ დააწერინეს, დაესივნენ ექიმები, საქმის გარჩევები მოუწყვეს და ეს საქმის გარჩევები გაგრძელდა დაახლოებით 3-4 დღის განმავლობაში. სააკაშვილისთვის ეს ძალიან მძიმე მომენტი იყო, ნევროლოგიური პრობლემებით არის ადამიანი და მოკლედ ძალიან არასასიამოვნო ისტორია იყო და მერე ჩაწყნარდა. გაკეთდა განცხადებები, „ვინ გეკითხებათ ადვოკატებს რომ კითხულობთ, რა წამალს სვამს?“ მაგიტომ ვართ ახლა ამ საქმეში, რომ ზუსტად მაგას ვკითხულობთ, რა წამალი ეძლევა.
დამოკიდებულება იყო როგორი იცი? „შენ თუ ჭკუით არ იქნები, მაშინ საერთოდ ჯანმრთელი ხარ და რატომ ხარ აქ?“ ეს სააკაშვილს უთხრეს პირდაპირ. ამ დროს ჩვენი კვლევის ობიექტი ზუსტად ეს არის, რამდენად ადეკვატურად უტარდება მკურნალობა. მე არ ვარ სააკაშვილის ადვოკატი პიჯაკების საქმეზე. მე ვარ მისი ადვოკატი და როდესაც მოდის ექსპერტის დასკვნა, მერე ვიკვლევ რამდენად ადეკვატური მკურნალობა უტარდება, დიახაც ეს არის ჩვენი საქმე. აქ გამოვიდა ბულინგი სააკაშვილის წინააღმდეგ და გამოვიდა ასევე საადვოკატო საქმეში ხელის შეშლა. იმდენად დაიძაბა სიტუაცია ჩემსა და სამედიცინო პერსონალს შორის, რომ პატრულის გამოძახებასაც კი ვაპირებდი და ოქმის შედგენას. კიდევ ერთი ადვოკატია, ის საერთოდ დაიბარა ექიმმა და გარჩევები მოუწყო მაღალი ხმით და მერე სააკაშვილმა გვითხრა, დაანებეთ თავი და გაჩუმდითო“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ipn.ge