“უმადურობა” – ქართველები ყირიმის ხიდის აფეთქების რუსულ ვერსიაში

საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება კვლავ არ გაუკეთებია რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ყირიმის ხიდზე აფეთქებულ სატვირთო ავტომანქანას ბულგარეთიდან საქართველოში შემოსული და სომხეთში განბაჟებული ტვირთი გადაჰქონდა.

სახელმწიფო სტრუქტურებიდან პასუხის მიღებას რადიო თავისუფლება, ბოლო დღეებში, უშედეგოდ ცდილობდა. ამ პერიოდში ბულგარეთმა პრემიერ-მინისტრის დავალებით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და რუსეთს დასაბუთებული პასუხი გასცა. გამოძიება დაიწყო სომხეთის გენერალურმა პროკურატურამაც.

12 ოქტომბერს, როცა ФСБ-მ ბრალდებები კიდევ უფრო გააფართოვა, საქართველოს ხელისუფლების წარმოადგენლებმა ჟურნალისტებთან ამ თემაზე ილაპრაკეს, მაგრამ არ დააზუსტეს, გადამოწმდა თუ არა რუსეთის სცენარში აღწერილი სქემები.

ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილის აფეთქების (რუსეთმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა) სურათი, 12 ოქტომბერს ФСБ-მ ახალი დეტალებით შეავსო და დამნაშავეთა 12-წევრიან სიაში საქართველოს ორი მოქალაქეც დაასახელა.

დაგვიანებული კომენტარები

12 ოქტომბერს, დილიდან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატები ჟურნალისტებს ზედმეტი აჟიოტაჟისგან თავის შეკავებას, რუსეთის ბრალდებების იგნორირებასა თუ იმის გახსენებას ურჩევდნენ, რომ რაღაც ძალებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ.

შემდეგ კი, მედიასთან კომენტარები ფინანსთა და შს მინისტრების მოადგილეებმა გააკეთეს. დეტალების ახსნის გარეშე, ისინი პასუხობენ, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს არანაირი კავშირი არა აქვს.

საზღვრებზე ტვირთის მოძრაობისა და შემოწმების კონტროლი ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურას – შემოსავლების სამსახურს ევალება.

„არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან… არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს თუ ვაგონს“, – უთხრა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

ასევე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე. ის ამბობს, რომ “საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა”.

პარლამენტის, მთავრობის, შს სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა თუ უსაფრთხოების სამსახურის ვებსაიტებზე განცხადებები არ იძებნება.

რა გამოიკვლია ბულგარეთმა

ეროვნული უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ბულგარეთის მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა, რუსეთის ბრალდებების საფუძვლიანი მოკვლევა და დასაბუთებული პასუხის გაცემა, მალევე მას შემდეგ, რაც 9 ოქტომბერს პირველადი ვერსია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა გაახმოვანა და მასში, საქართველოსთან და სომხეთთან ერთად, ნახსენები იყო ბულგარეთიც.

სოფიამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 11 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ გამოირიცხა რუსეთის ვერსიის მართებულობა.

ბულგარეთის მთავრობის სახელით გავრცელებულ პრესრელიზში წერია დეტალებიც, რომ პოლიეთილენის პროდუქცია „ბულგარეთის ტერიტორიაზე შეიტანეს კონტეინერით, ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოდან, დადგენილი წესითა და ყველა დოკუმენტით, ტრანზიტის რეჟიმში“, მკაცრი საბაჟო კონტროლის ქვეშ და „2022 წლის 17 სექტემბერსიმავე კონტეინერით გავიდა ბურგასის პორტიდან ქვეყნისკენრომელიც არ არის რუსეთი; თუმცა „სამსახურების მოკვლევამ ასევე დაადგინა, რომ კონტეინერირომლითაც საქონელი გავიდა ბულგარეთიდანაფეთქებულ ავტომანქანაში არ იყო“.

რუსეთის ბრალდებებზე საქართველოს შემთხვევაშიც ასეთივე დამაჯერებელი პასუხების გაცემის საჭიროებას ხედავენ ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ბოლო დღეებში ელაპარაკა. დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გვითხრა ისიც, რომ საქართველოს უნდა გაემართა კონსულტაციები ბულგარეთთანაც.

რამდენად საყურადღებოა რუსეთის ბრალდებები?

მართალია, რუსეთის ეჭვმიტანილთა სიაში საქართველოს მხოლოდ ორი მოქალაქე წერია და აქედან ერთის შემთხვევაში გვარიც არ არის მითითებული, მაგრამ რუსეთის სცენარით, ასაფეთქებელი მოწყობილობის მარშრუტის დიდი ნაწილი სწორედ საქართველოზე გადიოდა.

რუსეთის მიერ აღწერილი სქემის თანახმად: პოლიეთილენის გრანულებში ჩამალულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ ჯერ ფოთის პორტში გაიარა; განსაბაჟებლად ორჯერ გადაკვეთა სომხეთ-საქართველოს საზღვარი და შემდეგ, ისევ საქართველოს გავლით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან გადავიდა რუსეთში.

12 ეჭვმიტანილიდან, რუსეთის განცხადებით, 8 უკვე დაკავებულია, ხოლო კიდევ 4-ს ეძებენ, მათ შორის – საქართველოს 2 მოქალაქეს.

 

„ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და ქვეტექსტით, ეს ბრალდება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების წინააღმდეგ, და არა მხოლოდ საქართველოს ცალკეული მოქალაქეების მიმართ“, – ეუბნება რადიო თავისუფებას უსაფრთხოების საკითხების სპეცალისტი, დავით ბრაგვაძე, რომელსაც რუსეთის ეს სვლა აოცებს კიდეც:

„ჩემთვის ცოტა უცნაურია და რუსეთის ხელისუფლების ერთგვარ უმადურობაზეც კი მიანიშნებს საქართველოს ხსენება, რადგან, არ ვიცი, ამაზე მეტი ნეიტრალიტეტი რაღა უნდა შეენარჩუნებინა საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით.

რუსეთი პრაქტიკულად ომში მონაწილეობის ბრალდებას უყენებს საქართველოს სახელმწიფოს, ანუ იმას, რასაც მთელი 7 თვეა, ასე გაურბის საქართველოს ხელისუფლება და პირიქით, სხვებს ადანაშაულებს, რომ ვითომ რაღაც ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ.

ახლა რუსეთი პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლებას ეუბნება, რომ ის ამ ომში ჩართულია პირდაპირ ან ირიბად – სულ ცოტა, რუსეთი ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა ვერ შეასრულეს თავისი საქმე“, – გვეუბნება ბრაგვაძე.

ანალიტიკოსის შეფასებით, გასათვალისწინებელია, რომ რუსეთმა საქართველო ახსენა „უკრაინასთან ომის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდში“, რადგან ყირიმის ხიდს, გარდა ლოგისტიკური მნიშვნელობისა, რუსეთისთვის უზარმაზარი სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ყირიმის (ქერჩის) ხიდს რუსეთი საგანგებო სტრატეგიული მნიშვნელობას ანიჭებდა და მით უფრო – 24 თებერვალიდან, უკრაინაში შეჭრის შემდეგომში ჩართული რუსული ძალები სამხედრო ტექნიკითა და საწვავით დიდწილად სწორედ ამ ხიდის საშუალებით მარაგდებიან.
ყირიმის ხიდი რუსეთმა ააშენა მას შემდეგრაც უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის ანექსია მოახდინა, რაც პუტინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლებახიდის საავტომობილო ნაწილი – 2018 წელსხოლო სარკინიგზო ნაწილი 2020 წელს გაიხსნა. ხიდი აშენდა უკრაინასთან შეუთანხმებლად. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა.

დავით ბრაგვაძის შეფასებით, პროცესები საფრთხის შემცველია, რადგან „ასეთი ბრალდებები, როგორც წესი, არსად ქრება და არ უჩინარდება“, და მხოლოდ დრო აჩვენებს, „კონკრეტულად რაში შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ეს ბრალდებები და რა შეიძლება, რომ მოითხოვოს საქართველოსგანაც“.

გამოძიება იწყება სომხეთშიც

მანამდე ერევანიც დუმდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მოსკოვმა მეტი დეტალი გამოაქვეყნა, 12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ფაქტების კვლევა დაიწყო. სომხური და რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა ეროვნული უშიშროების სამსახურს და გამოძიების დაწყება სთხოვა.

„გენერალურმა პროკურატურამ შეისწავლა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და მასმედიის სხვა საშუალებების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია. იმის გამო, რომ პუბლიკაციები მოიცავდა ცნობებს აშკარა დანაშაულის შესახებ, გენერალურმა პროკურატურამ გადაუგზავნა ისინი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ინიცირების მიზნით“, – სომხეთის პროკურატურის განცხადებას რუსული РИА НОВОСТИ აქვეყნებს.

სომხეთის პროკურატურა აცხადებს, რომ, ქვეყნისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, „გახსნის ყველა გარემოებას, რაც ასახულია [რუსეთის] ინფორმაციაში“.

ბრალდებებს „სერიოზულს“, ხოლო საკითხს – „მგრძნობიარეს“ უწოდებს ჩვენთან საუბრისას სომეხი პოლიტოლოგი ჯონი მელიკიანი. მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინაში ორ მილიონზე მეტი სომეხი ცხოვრობს და სიმართლის დადგენა ყველას ინტერესებშია.

კონკრეტულად რას ამბობს ФСБ?

თავდაპირველად 9 ოქტომბერს გახმოვანებულმა ბრალდებებმა, 12 ოქტომბერს უფრო კონკრეტული სახე მიიღო.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მიერ მიერ გამოქვეყნებულ ახალ ვერსიაში ნათქვამია, რომ:

  • ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, მისი ხელმძღვანელი – კირილ ბუდანოვი; სამმართველოს თანამშრომლები და აგენტურა;
  • ასაფეთქებელი მოწყობილობა შენიღბული იყო სამშენებლო პოლიეთილენის გრაგნილებში, საერთო წონით 22 779 კვ;
  • 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში ეს ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეში, კომპანიების «Транслогистик УА»-სა (ქ. კიევი) და «Baltex Capital S.A.»-ის (ქ. რუსე) კონტრაქტით #02/08/2022;
  • ბულგარეთიდან ტვირთი ფოთში მოხვდა, ხოლო შემდეგ სომხეთში;
  • საქართველოსკენ და სომხეთისკენ ტვირთის გადაზიდვის პროცესში ჩართული იყვნენ: უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები;
  • პროცესში ჩართული უკრაინის მოქალაქეები არიან: მიხაილ ვლადიმირის ძე ციურკალო (1975), დენის ოლეგის ძე კოვაჩი (1979) და რომან ივანეს ძე სოლომკო (1971);
  • პროცესში ჩართული საქართველოს მოქალაქეები არიან: ინოსარიძე სანდრო [დაბადების წელი მითითებული არ არის] და ვინმე ბროკერი სახელად „ლევანი“;
  • პროცესში ჩართული სომხეთის მოქალაქეა – არტურ ტერჩანიანი (1985);
  • ერევნის ტერმინალ «Трансальянс»-ში ტვირთი განაბაჟეს 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე (ევრაზიული კავშირის წესების შესაბამისად) და იქვე შეიცვალა დოკუმენტებიც: ტვირთის გამომგზავნად ჩაიწერა კომპანია «ГУ АР ДЖИ ГРУП» (სომხეთი, ქ. ალავერდი), ხოლო მიმღებად – კომპანია «Лидер»-ი (ქ. მოსკოვი);
  • შემდეგ, საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომობილით DAF, 4 ოქტომბერს ტვირთმა გადალახა საქართველო-რუსეთის საზღვარი „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან;
  • ტვირთი 6 ოქტომბერს ჩავიდა და გადაიტვირთა საბითუმო ბაზაში, კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირში;
  • 7 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქეების: რ. სოლომკოსს და ვლადიმირ ვასილის ძე ზლობას (1987) და კიდევ რუსეთის დადგენილი 5 მოქალაქის მონაწილეობით, ტვირთის დოკუმენტები კვლავ შეიცვალა: გამგზავნად ჩაიწერა კომპანია «ТЭК-34» (ქ. ულიანოვსკი), ხოლო მიმღებად არარსებული კომპანია ყირიმში;
  • 7 ოქტომბერსვე ტვირთი გადაიტანეს რუსეთის მოქალაქის – მახირ იუსუბოვის (1971) სატვირთო ავტომობილში, რომელიც გავიდა ქ. სიმფეროპოლისკენ, ხოლო 8 ოქტომბერს, 06:03 საათზე, ყირიმის ხიდზე აფეთქდა.

ამავე ვერსიის თანახმად:

  • მთელ მარშრუტზე ტვირთის მოძრაობას აკონტროლებდა და დანაშაულებრივი სქემის მონაწილეებთან კონტაქტს ამყარებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ყველას „ივან ივანიჩად“ გაეცნო და იყენებდა, როგორც ინტერნეტში შეძენილ ვირტუალურ ნომერს, ასევე ქ. კრემენჩუგის მკვიდრ უკრაინის მოქალაქე სერგეი ვლადიმირის ძე ანდრეიჩენკოზე (1988) დარეგისტრირებულ ნომერს;
  • ამჟამად, სისიხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია სულ 8 პირი – რუსეთის 5 მოქალაქე და კიდევ 3 – უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები, „დანაშაულის მომზადების მონაწილეები“.
  • გამოძიება გრძელდება და ყველა ეს ორგანიზატორი და თანამონაწილე, მათ შორის – სხვა ქვეყნების მოქალაქეები, გასამართლდებიან რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად.

უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ვერსიებს სერიოზულად არ განიხილავს და ამ დრომდე არავის დაუდასტურებია, რომ ყირიმის ხიდის აფეთქება უკრაინელების ნახელავია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის შეფასებით, ყირიმის ხიდის აფეთქება რუსეთის შიგნით, ძალოვანი სტრუქტურების დაპირისპირების შედეგია.

რადიო თავისუფლება

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share