ბურთი, რომლითაც დიეგო მარადონამ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა, აუქციონზე გაიყიდება

ბურთი, რომლითაც დიეგო მარადონამ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა, რასაც მოგვიანებით “ღვთის ხელი” უწოდეს, აუქციონზე გაიტანეს. ამის შესახებ Graham Budd Auctions-ის სახლის წარმომადგენლები ოფიციალურ ვებგვერდზე იუწყებიან.

აუქციონი დიდ ბრიტანეთში 16 ნოემბერს გაიმართება. ლოტი გასაყიდად ტუნისელმა მსაჯმა, ალი ბინ ნასერმა გაიტანა, რომელიც მატჩს 1986 წელს განაგებდა. სავარაუდო თანხა, რომლითაც შესაძლებელია ბურთის გაყიდვა, 2,5 მილიონი ფუნტიდან 3 მილიონ ფუნტამდე მერყეობს.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინისა და ინგლისის მატჩის 51-ე წუთზე მარადონამ გაიტანა გოლი, რომელსაც მოგვიანებით “ღვთის ხელი” უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ გოლი ოფიციალურად ხელით გავიდა, ის მსაჯმა ალი ბინ ნასერმა მაინც ჩათვალა. არგენტინამ მატჩი 2-1 მოიგო.

maradonaburti-1665822589.png

“ეს ბურთი საერთაშორისო ფეხბურთის ისტორიის ნაწილია და, როგორც ჩანს, დადგა დრო, ის მსოფლიოს გავუზიაროთ“ – განაცხადა ალი ბინ ნასერმა.

დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა, რამაც ფილტვის შეშუპება გამოიწვია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share