წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მისი წინასწარმეტყველება ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ინტერვიუ არქივიდან
გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №34 2009 წლის ივნისი
— ქალბატონო ლელა, მოდით, საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკით დავიწყოთ. გაეროს გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებას დიდი უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა ჩვენ ქვეყანაში, ვინაიდან მასში აფხაზეთი და საქართველო ცალ-ცალკე სუბიექტებად არიან დაფიქსირებულნი.
უკმაყოფილებას და შეშფოთებას არც პოლიტიკური ოპოზიცია მალავს და არც თავად ხელისუფლება. სამაგიეროდ, აღფრთოვანებულ-აღტაცებულები არიან სეპარატისტები და მათი „მოამაგე უფროსი ძმა“. ახლა საქართველო გაეროსგან კატეგორიულად ითხოვს, ამოიღოს საბოლოო მოხსენებიდან ფრაზა, რომელიც აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში არ აფიქსირებს.
— მე გაეროს პოლიტიკურ თამაშებზე ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და მაშინვე გავაფრთხილე ხალხი, რომ ამ ორგანიზაციის ქმედებები საფრთხეს ვერ შეუქმნიდა საქართველოს.
გაერო თამაშობს, როგორც ყოველთვის. საქმე ისაა, რომ როცა მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს პოლიტიკური გადათამაშებები სჭირდებათ გარკვეული მიზნებისთვის, სწორედ გაეროს ახმოვანებინებენ გადაწყვეტილებებს. სიმართლე თუ გინდათ, გაერო სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თავის დროზე. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.
კარგად დაიმახსოვრეთ, რასაც ახლა ვიტყვი: გაეროს ამ მოხსენებამ გაწყვიტა რაღაც უხეში თამაში საქართველოს მიმართ და რუსეთმა, რეალურად, ამით ძალიან წააგო! ამაზე ალაპარაკდებიან და ყველა გაიგებს, რა მოხდა სინამდვილეში.
— ანუ, ეს შუალედური მოხსენება გულთან ახლოს არ უნდა მივიტანოთ?
— არავითარ შემთხვევაში. გაერო ის ცენტრი არ არის, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, ამ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს. ასე რომ, ტყუილად უხარიათ აფსუებს…
მაგრამ რომ არც უხარიათ? მალე შეიტყობთ, რომ აფსუებს „ძმებთან“ დიდი დაპირისპირება აქვთ. ასე მოხდება ოსების შემთხვევაშიც და ჩრდილოეთ კავკასის ხალხთა შემთხვევაშიც. ეს ყველაფერი უკვე დაწყებულია და სეპარატისტულ რეგიონებში რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობა, არმიის თავმოყრა სწორედ იმისთვის ხორციელდება, რომ კავკასიელთა მიერ წამოწყებული ბუნტი სწრაფად, ყოვნის გარეშე ჩააქრონ. <…>
მალე მოენატრებათ აფსუებს ქართველები. და უკვე ენატრებათ კიდეც.
— ქალბატონო ლელა, 1993 წლის 11 აგვისტოს ჩანაწერში აფხაზეთთან დაკავშირებით ბრძანებთ: „ვხედავ სამხედროებს პოლიციის ფორმაში“. რა ძალებია ეს, ქართული თუ უცხოური?
— ეს ევროკავშირის პოლიციური ჯარია, რომელიც შეწყვეტს რუსული მაფიის თარეშს აფხაზეთში: ნარკობიზნესს, იარაღით ვაჭრობას, ტერორისტთა პარპაშს და სხვ.
— ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც კრემლმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, დე-ფაქტო ხელისუფლება ცდილობს უკან დააბრუნოს მე-19 საუკუნეში იქიდან გაქცეული ეთნიკური აფხაზები, მათ შორის, თურქეთში გადასახლებულები და ამით შეავსოს შემცირებული აფხაზური მოსახლეობა.
— ვერ მოახერხებენ! აფსუები თავად დატოვებენ აფხაზეთს და გადაშენდებიან მიწიდან, რომელიც მათი მშობელი არ არის. ან რას ნიშნავს, გადასახლებული აფსუების დაბრუნება? მაშინ ავდგეთ და ჩვენც მოვითხოვოთ, ირანიდან და თურქეთიდან ჩამოვიდნენ საუკუნეების წინ გადასახლებული ქართველები და ისინი დასახლდნენ ჩვენს ტერიტორიაზე.
— თქვენ ბრძანებთ, რომ საქართველო ყველა იმ მიწას დაიბრუნებს, რომლებიც ისტორიულად ეკუთვნის. მაგრამ ამ ტერიტორიებზე ძირითადად სხვა ეროვნების ხალხი და, ასე ვთქვათ, გაუცხოებული ქართველები სახლობენ…
— ნუ გეშინიათ, გაუცხოებული ქართველები ისევ გადმოქართველდებიან, ოღონდ მუშაობაა ამ მიმართულებით საჭირო. თანაც ამ ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ, იქ, იმ ნოყიერ მიწებზე, ბევრი ქართველი გადასახლდება, გამრავლდება და სრულიად ქართული სული დამკვიდრდება. ეს ისეთივე რეალურია, როგორც ის, რომ ახლა მე მიყურებ.
ასეთია წინასწარმეტყველება და იგი ნებისმიერ შემთხვევაში ასრულდება!!!”