ორი კვირის წინ, კარტოფილის საბითუმო ფასმა საქართველოში რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია – 1 კილოგრამის ღირებულება 1,7 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ ფასები ამ ნიშნულის გარშემო სტაბილიზდება, თუმცა როგორც EastFruit-ის ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, მომავალში მოსალოდნელია ფასების ზრდა.
თავდაპირველად, კარტოფილის აღება ივნისში, ქვემო ქართლში იწყება, ოქტომბერში კი ბაზარს სამცხე-ჯავახეთის მოსავალიც ემატება, რომელიც პროდუქტის უმსხვილესი მწარმოებელი რეგიონია საქართველოში. საქმე იმაშია, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, წელს აქ საკმაოდ დაბალი მოსავლიანობა იყო. სწორედ ამ ფაქტორის გამო და იმპორტის არარსებობის გამო, ფასებმა ზრდა დაიწყო.
საინტერესოა, რომ წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, საქართველომ 1300 ტონა კარტოფილი შეიძინა, რაც უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში იმპორტის ყველაზე დაბალი მოცულობაა. ოფიციალური მონაცემებით, ივლისიდან სექტემბრამდე იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. ოქტომბრის მონაცემები კი ჯერ არ განახლებულა.
რამდენიმე დაინტერესებული მხარე აღნიშნავს, რომ ასევე ცუდი მოსავალია მეზობელ თურქეთში, რომელიც ძირითადი იმპორტიორია საქართველოში. ცნობილი ხდება, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდის აღსაკვეთად, თურქეთმა კარტოფილის ექსპორტი აკრძალა. რაც შეეხება სხვა შესაძლო იმპორტიორ ქვეყნებს, ესენი შეიძლება იყოს ეგვიპტე და ისრაელი, მაგრამ ტრანსპორტირების მაღალი ხარჯები ამ მომწოდებლების შეთავაზებებს არც ისე მომგებიანს ხდის.
სხვა შედარებით ახლოს მყოფ ქვეყნებს – ბელარუსს, მოლდოვას, პოლონეთს, რუსეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს თუ განვიხილავთ, აქ კარტოფილი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, თუმცა მათგან იმპორტი არ ხორციელდება. შესაძლოა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადგილობრივი იმპორტიორები რამდენიმე ქვეყანაზე არიან სპეციალიზირებულნი, როგორც წესი, თურქეთსა და უკრაინაზე.
ჯერჯერობით, თურქეთს აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე საწარმოო პრობლემები, რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩართული. თეორიულად, ეს უკანასკნელი შეიძლებოდა გამხდარიყო საქართველოს პოტენციური მიმწოდებელი, თუმცა ის თავად ყიდულობს ქართულ კარტოფილს.
საქართველოში ფასების შემდგომ ზრდას უახლოეს კვირებში ელოდებიან. მოსალოდნელია, კვლავ მაღალი იქნება მოთხოვნა, კარტოფილის მარაგები კი შემცირდება – წერს East-Fruit-ი.
bpn.ge