პუტინის ცხრათვიანი ომის გზა – ჩაფლავებული ბლიცკრიგიდან თავდაცვით “დრაკონის კბილებამდე”…

პუტინის ცხრათვიანი ომის გზა - ჩაფლავებული ბლიცკრიგიდან თავდაცვით "დრაკონის კბილებამდე"...

ფოტო; ის პუტინი, რომელსაც კიევის სამ დღეში აღება სურდა, ცხრა თვის შემდეგ „დრაკონის კბილებს“ აყენებინებს საზღვარზე, უკრაინული ტანკების შესაძლო შეტევების შესაჩერებლად…

საოცარი რამ ხდება რუსეთ-უკრაინის ომის მეცხრე თვის თავზე – თუკი აქამდე აგვისტოს ომში – ქართველები, ხოლო დონბასის ომებიდან მოყოლებული – უკრაინელები, იმაზე ვწუხდით, თუ როგორ შეგვეჩერებინა რუსული ტანკების წინსვლა, ეხლა თავად რუსეთს გაუჩნდა დიდი საფიქრალი, თუ როგორ შეაჩეროს უკრაინელების ჯავშანტექნიკის შესაძლო შეჭრა… თავად რუსეთის ტერიტორიაზე, იმავე ბელგოროდის სასაზღვრო ოლქში…

“დრაკონის კბილები” – სწორედ ასე ეძახიან რკინაბეტონის ტეტრაედებს, რომლებიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის მძიმე საბრძოლო ტექნიკის შესაჩერებლად და მათი გამოყენება ჯერ კიდევ ჰიტლერმა სცადა მეორე მსოფლიო ომის ბოლოსკენ, მაგრამ “ზიგფრიდის თავდაცვის ხაზმა” მაინც ვერ დააბრკოლა მოკავშირეების ტანკების შეტევა დამარცხებისკენ განწირული მესამე რეიხისკენ…

2-dra-1666768632.png
ფოტო; როგორც ჰიტლერს არ გამოადგა ეს „ზიგფრიდის თავდაცვითი ხაზის“ „დრაკონის კბილები“, ისე პუტინიც ვერ შეძლებს რუსეთ-უკრაინის 1 974 კმ საერთო სიგრძის სახმელეთო საზღვრის საიმედოდ გადაკეტვას…

 

პუტინი ხომ თავისი მოქმედებებით უფრო და უფრო ემსგავსება ჰიტლერს და “დრაკონის კბილებიც” ვერ იქცევა კრემლის თვითდამშვიდების გარანტად, მაგრამ აქ წმინდა სამხედრო-საინჟინრო თემაზე მეტად მნიშვნელოვანი სხვა მომენტია – რუსეთის ხელისუფლება რეალურად განიხილავს თავისი საზღვრების დაცვას მოწინააღმდეგის ტანკების შეტევების დროებით შესაჩერებლად, ანუ ის პუტინი, რომელიც ცხრა თვის წინ რუსეთის მრავალმილიონიან მოსახლეობას არწმუნებდა უკრაინელების გარდაუვალ “დენაციფიკაცია”- “დემილიტარიზებაში”, დღეს საზღვრისპირა რუსული ქალაქების ქუჩებში უკრაინელების ტანკების გამოჩენას უფრთხის?!

რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვრისპირა რუსული ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში ომის გამოძახილი დიდი ხანია, ისმის უკრაინელების საპასუხო საარტილერიო ცეცხლის, მიზანმიმართული წერტილოვანი სარაკეტო დარტყმებისა თუ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მოქმედებების სახით, მაგრამ უკრაინული ჯავშანკოლონების ჩახრიგინებას როსტოვისკენ თუ ბელგოროდისკენ მიმავალ გზაზე სულ სხვა ელფერი ექნება…

ბელგოროდი უკრაინელების საპასუხო ცეცხლისგან (როდესაც რუსული არტილერია თავისივე ტერიტორიიდან ყოველდღე ბომბავს ასევე საზღვრისპირა უკრაინულ ხარკოვს) ყველაზე მეტადაა შეშინებული და ეტყობა, ამიტომაც ბელგოროდის გუბერნატორი ძალზე აქტიურობს საზღვრის გასწვრივ “დრაკონის კბილების” რიგების ჩასალაგებლად.

თუმცა აქ შეიძლება სხვა დაინტერესებაც იყოს, როგორც თავად რუსები ამბობენ – ომი ყველაფერს ჩამოწერსო და ამის ქვეშ რუსული საზღვრისპირა ოლქების გუბერნატორები დამატებითი მილიონების “ჩამოწერას” გეგმავენ, თავდაცვითი ზღუდეების მოწყობის საბაბით…

 

3-dra-1666768837.png
რკინაბეტონის კონსტრუქციებით ჩახერგილი გზა მცირე ხნით შეიძლება შეაყოვნებს სატანკო კოლონას, მაგრამ ტანკის ქვემეხიდან ერთი-ორი 125 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური ჭურვის ზუსტი გასროლის შემდეგ გზა ხსნილია…

საინჟინრო თვალსაზრისით, ბევრად უფრო გამართული თავდაცვითი ზღუდე, იმავე “დრაკონის კბილების” დაყენებისა და ფართო ტრანშეების გაჭრით, კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” სამხედროებმა მოაწყვეს უშუალოდ ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში, მაგრამ “ვაგნერის” თავდაცვის ზღუდის სიგრძე მხოლოდ 1,6 კმ-ია, რაც არასერიოზულად გამოიყურება.

აგვისტოს ომის შემდეგ თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობაში გადაყრილი ათეულობით მილიონის ცუდი გამოცდილება ჩვენც დაგვრჩა თბილისი-გორის საავტომობილო გზის გასწვრივ ჩამწკრივებული ბეტონის უზარმაზარი ბუნკერების სახით…

უბრალოდ, 21-ე საუკუნეში, როდესაც მაღალმანევრირებადი საბრძოლო მოქმედებების ერა დადგა, “მაჟინოს”, “ზიგფრიდისა” თუ “პუტინის” თავდაცვითი ზღუდეებით ვეღარ შეაკავებ შეტევაზე გადასული მოწინააღმდეგის მცირერიცხოვან, მაგრამ მრავალ მანევრირებად ჯგუფს. საიჟინრო თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა გზების ჩახერგვის, დანაღმვის თუ ხიდების აფეთქებების სახით აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მობილურად, ფარულად და არა – მონუმენტალური ბუნკერების აგებით, რომლის შესახებაც მოწინააღმდეგის დაზვერვამ დიდი ხანია, უწყის და მათ, უბრალოდ, გვერდს აუვლის ან წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით წინასწარ გაანადგურებს.

kvirispalitra.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share