რუსეთის სარდლობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან დახევის დროს ტერაქტების სერიას ამზადებს – განცხადება ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა გააკეთა.
“სავარაუდოა, რომ უკან დახევის დროს მტერმა, გარდა მასობრივი ევაკუაციისა, შეიძლება მიმართოს ტერორისტულ თავდასხმებს საცხოვრებელი უბნების აფეთქებით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების „დამწვარ მიწად“ გადაქცევის მიზნით და უკრაინის მიერ დეოკუპირებულ ტერიტორიებზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად”- აღნიშნა გრომოვმა.გენერალური შტაბი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ააფეთქოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური პროვოკაციულად და ამაში უკრაინა დაადანაშაულოს.