ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის 3-წლიანი განხილვა მოსამართლემ იმით დაასრულა, რომ ფული არ გათეთრებულა, არამედ ადგილი ჰქონდა თაღლითობას, რაც უკვე ხანდაზმულია. ამ საქმეს საქალაქო სასამართლო ინტენსიურ რეჟიმში, კვირაში რამდენიმე სხდომით განიხილავდა. 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების შემდეგ ეს პროცესები შეჩერდა და მომდევნო არჩევნებამდე ისევ განახლდა.
საქმის ადვოკატი, ზვიად კორძაძე ფორმულას ეთერში ინტერვიუსას ამბობს, რომ სასამართლომ, ფაქტობრივად, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ისე, რომ შესაბამისი სიტყვა “მუხლის გადაკვალიფიცირებით” ჩაანაცვლა.
ამას ადვოკატი იმით ხსნის, რომ სასამართლომ ფულის გათეთრება ვერ დაადგინა, შეცვლილი კვალიფიკაცია თაღლითობაზე კი “სამართლებრივი ნონსენსია”, რადგან პროკურატურამ თავის დროზე, დოკუმენტურად თქვა უარი, ამ მუხლით დაეწყო დევნა.
“თაღლითობასთან დაკავშირებით თვითონვე გამოტანილი აქვთ სისხლისსამართლებრივ დევნაზე უარის თქმის დადგენილება. პროკურორის ინტერპრეტაციები, რომ მათი მტკიცებულებები გაიზიარა სასამართლომ თაღლითობაზე, უბრალოდ სასაცილოა.
[…] ასეთი გადაკვალიფიცირება იურიდიულად ნონსენსია, რომ პრედიკატზე გადააკვალიფიცირო ფულის გათეთრება. პრედიკატი ჯერ უნდა დამთავრდეს, ანუ რაღაც დანაშაული უნდა მოხდეს, რომ შემდეგ ფული გათეთრდეს. თუ მაინც და მაინც, სასამართლოს უნდა ეთქვა, რომ გამართლდეს ფულის გათეთრებაში და სხვა რამე მოხდეს თაღლითობასთან მიმართებით. სიტყვა გადაკვალიფიცირება მოიგონეს იმისთვის, რომ სიტყვა გამართლება არ ეხსენებინათ განაჩენში”, – ამბობს კორძაძე.
მანვე დაამატა, რომ სასამართლო პროცესებზე თაღლითობა არ განუხილავთ და ეს საკმარისია, რათა განაჩენი ჩაითვალოს “აბსურდულად და გასაუქმებლად”:
“თუ ამას საქართველოს შესაბამისი ინსტანციები არ გააუქმებს, ამას გააკეთებს და შეაფასებს სტრასბურგი”.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის დამნაშავეების დარქმევის შესაძლებლობა მიეცათ, კანონის “უკუღმართი” ჩანაწერების გამო:
“საბოლოოდ, მივიღეთ შედეგი, რომელსაც თავიდანვე ველოდით, კლანმა გადაწყვეტილება თავისი “საუკეთესო ტრადიციებით” მიიღო – ხელისუფლებას ასიამოვნა და პოლიტიკურ ოპონენტს დამნაშავეს დაარქმევინებს, ხოლო მის რეპუტაციას გაანადგურებს და ბრალდებულებს კი ციხეში წასვლა არ მოუწევთ.
ახლა საქმე აპელაციაში გაგრძელდება და დაიწყება ახალი ტალღა ამ პროცესების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად”.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მიერ წარმოებული ფულის გათეთრების საქმე მოსამართლემ სხვა მუხლით შეცვალა, ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ სასამართლომ მათი ყველა არგუმენტი გაითვალისწინა. ამასთან, გეგმავს, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. 4 წლის წინ, ხანდაზმულობის მიზეზით სწორედ პროკურატურამ თქვა უარი, თაღლითობის მუხლით დაეწყო საქმის წარმოება, რადგან გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულებს ვერ დააკავებდნენ.