საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ცხრა ფაქტი გამოავლინეს და 10 პირი პასუხისგებაში მისცეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციაზე კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 550 000 ლარის ოდენობის ექვივალენტის უცხოური ვალუტა” – აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.