„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ პრეზიდენტს მიმართავს,„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალოს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება.
„2022 წლის 2 ნოემბერის თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის, ამჟამად „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე და გვარამია პატიმრობაში დატოვა.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სახალხო დამცველის სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიხედვით, გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს. შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება.
საპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლულარისტული მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ. ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.
არსებულ კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია და დადებითი როლი შეასრულოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში“,-აღნიშნულია განცხადებაში.