“მეფე ბიბი”, ისრაელის დაბრუნებული ლიდერი” – ბენიამინ ნეთანიაჰუს გზა ძმის სიკვდილიდან პრემიერ-მინისტრობამდე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ბენიამინ ნეთანიაჰუს და მის პარტიას – “ლიკუდს” პირველ ნოემბერს ჩატარებულ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ნეთანიაჰუ, რომელიც გასულ წელს, შეიძლება ითქვას, პრემიერის პოსტიდან გააძევეს, ახლა ტრიუმფალურად ბრუნდება ხელისუფლებაში: “ლიკუდმა” და მისმა მოკავშირეებმა – უკიდურესმა მემარჯვენეებმა და რელიგიურმა ორთოდოქსულმა პარტიებმა ქნესეთში (პარლამენტში) 120 მანდატიდან 64 მიიღეს.

გთავაზობთ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის – “ბი-ბი-სის” მიერ თავის ვებგვერდზე სამ ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით – “ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელის დაბრუნებული ლიდერი”.

“როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 2021 წლის ივნისში, ქვეყნის 12-წლიანი მართვის შემდეგ, ხელისუფლებას ჩამოაშორეს, დამკვირვებლებმა ეს ფაქტი ეპოქის დასასრულად შერაცხეს, მისმა კრიტიკოსებმა კი ისრაელის “ახალ განთიადად”, მაგრამ ნეთანიაჰუს გარეშე. თუმცა, თვითონ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დემონსტრაციულად განაცხადა: “ჩვენ დავბრუნდებით!”.

როგორც პირველ ნოემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად გაირკვა, პრემიერის წასვლა მართლაც დროებითი აღმოჩნდა: ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეძლო პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა და არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა: ბედის გარკვეული ირონიით, პარტია “ლიკუდის” 73 წლის ლიდერმა თავისი მემარცხენე ცენტრისტული ოპონენტი იაირ ლაპიდი დაამარცხა, რომელმაც თავის დროზე, წლინახევრის წინ, ბენიამინ ნეთანიაჰუ დაამხო.

“ლიკუდის” ხელმძღვანელის ხელისუფლებაში დაბრუნება მის მხარდამჭერებს რწმენას განუმტკიცებს, რომ “მეფე ბიბი” პოლიტიკურად დაუმარცხებელია.

ისრაელის ყველაზე ხანგრძლივი ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუ, თუ საბოლოო შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, უკვე რეკორდული რაოდენობით – ხუთ არჩევნებში იმარჯვებს, რათა მეექვსედ დაიკავოს პრემიერის პოსტი, ქვეყნის 74-წლიან ისტორიაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუს შეუდარებელი წარმატება განაპირობა მის მიმართ შექმნილმა იმიჯმა – ადამიანს, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ახლო აღმოსავლეთში, არსებული მტრული ძალებისაგან. მან ხისტი პოზიცია დაიკავა პალესტინელების მიმართ და მათთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს მთავარ საკითხად მტკიცე მშვიდობის უზრუნველყოფა დააყენა. იგი, ასევე, დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდა ყველას იმ ეგზისტენციალურ საფრთხეზე, რომელიც ირანიდან იყო მოსალოდნელი.

მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური წარმატებები ერთგვარად დაჩრდილა იმ სისხლის სამართლის პროცესმა, რომელიც მის წინააღმდეგ იქნა წამოწყებული – მექრთამეობის, თაღლითობისა და ნდობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რასაც იგი კატეგორიულად უარყოფს. გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპონენტები ისრაელის დემოკრატიის საფრთხედ თვლიან.

ძმის მემკვიდრეობა

ბენიამინ ნეთანიაჰუ თელ-ავივშია დაბადებული, 1949 წელს. 1963 წელს მისი ოჯახი აშშ-ში წავიდა საცხოვრებლად, როცა მამამისს, ბენციონს, ცნობილ ისტორიკოსსა და სიონისტურ აქტივისტს, აკადემიური თანამდებობა შესთავაზეს.

18 წლის ბენიამინი ისრაელში დაბრუნდა, სადაც ხუთი წელი არმიაში იმსახურა, იყო ელიტური ქვედანაყოფის (“კომანდოსის”) – Sayeret Matkal-ის კაპიტანი. იგი 1972 წელს დაიჭრა, პალესტინელი ტერორისტების მიერ ხელში ჩაგდებული ბელგიური თვითმფრინავის გათავისუფლების დროს, მონაწილეობდა ახლო აღმოსავლეთის ომში, 1973 წელს.

04112022-1339-1667554815.17_REC.png

1976 წელს ბენიამინ ნეთანიაჰუს ძმა ჯონათანი, რომელიც ტერორისტების მიერ ხელში ჩაგდებული ავიალაინერის მძევლების გათავისუფლებაში მონაწილეობდა, უგანდაში, ცნობილი “ენტებეს” ოპერაციის დროს დაიღუპა. ძმის სიკვდილმა ნეთანიაჰუს ოჯახზე ღრმა გავლენა მოახდინა, ჯონათანის სახელი კი ისრაელში ლეგენდარული გახდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ძმის დაღუპვის ხსოვნის აღსანიშნავად, ანტიტერორისტული ინსტიტუტი შექმნა, ხოლო შემდეგ, 1982 წელს, ვაშინგტონში ისრაელის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გახდა. იმავდროულად მან საზოგადოებრივი საქმიანობაც დაიწყო. ბენიამინმა, რომელმაც მოწიფულობის პერიოდი ამერიკაში გაატარა, რა თქმა უნდა, კარგად იცოდა ინგლისური ენა (თანაც – “ამერიკული აქცენტით”) და ამრიგად, იგი ცნობად სახედ იქცა ამერიკულ ტელესივრცეში, როგორც ისრაელის ინტერესების აქტიური დამცველი.

1984 წელს ბენიამინ ნეთანიაჰუ ნიუ-იორკში მდებარე გაეროში ისრაელის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.

ხელისუფლებაში მოსვლა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში პოლიტიკური საქმიანობა 1988 წელს დაიწყო, როცა პარტია “ლიკუდის” სიით ქნესეთში (პარლამენტში) დეპუტატის ადგილი მიიღო, შემდეგ კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მოგვიანებით იგი პარტიის თავმჯდომარე გახდა, ხოლო 1996 წელს – ისრაელის პირველ პრემიერ-მინისტრად, რომელიც ვადამდელი არჩევნებით, პირდაპირი გზით იქნა არჩეული იცჰაკ რაბინის მკვლელობის შემდეგ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ასევე, იყო ისრაელის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი, რომელიც ქვეყნის დაარსების – 1948 წლის შემდეგ დაიბადა.

მიუხედავად იმისა, რომ 1993 წელს ოსლოში დადებულ ისრაელ პალესტინელთა სამშვიდობო შეთანხმებას მკაცრად აკრიტიკებენ, პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხელი მოაწერა დამატებით ხელშეკრულებას ჰევრონის – მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე მსხვილი ქალაქის 80%-ის გადაცემას პალესტინიის ადმინისტრაციისათვის და დათანხმა ჯარების გაყვანას ოკუპირებული დასავლეთი ნაპირიდან, რითაც მემარჯვენე ოპონენტების მხრიდან გმობა და მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია. მან პრემიერის პოსტი დაკარგა 1999 წელს – მას შემდეგ, რაც ვადამდე 17 თვით ადრე არჩევნები დანიშნა [გამარჯვების იმედით], თუმცა დამარცხდა ლეიბორისტების ლიდერთან – ეჰუდ ბარაკთან ბრძოლაში, რომელიც, სხვათა შორის, არმიაში სამსახურის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუს მეთაური იყო.

პოლიტიკური რენესანსი

ბენიამინ ნეთანიაჰუ პარტიის ლიდერის პოსტზე არიელ შარონმა შეცვალა, რომელიც 2001 წელს პრემიერად იქნა არჩეული. ყოფილი პრემიერი ახალ მთავრობაში ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრად, შემდეგ კი – ფინანსთა მინისტრად დანიშნეს. 2005 წელს ბენიამინ ნეთანიაჰუ ისევ გადადგა – ამით მან პროტესტი გამოხატა ისრაელის გამოსვლის გამო, ღაზას სექტორის ოკუპირებული ტერიტორიიდან. ბენიამინ ნეთანიაჰუს წარმატების შანსი ისევ გაუჩნდა 2005 წელს, როცა არიელ შარონი, სანამ ინსულტის გამო კომაში ჩავარდებოდა, “ლიკუდიდან” გავიდა და თანამოაზრეებთან ერთად ცენტრისტული პარტია “კადიმა” შექმნა. “ლიკუდში” შიდაპარტიული პრაიმერიზის შედეგად ბენიამინ ნეთანიაჰუ კვლავ პარტიის ლიდერი გახდა – 2009 წლის მარტში იგი მეორედ იქნა არჩეული პრემიერ-მინისტრად.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო იმ დროისთვის უპერეცედენტო გადაწყვეტილება – დათანხმდა მდ. იორდანეს დას. ნაპირზე ებრაული დასახელებების მშენებლობის შეჩერებას ათი თვის ვადით, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა პალესტინელებთან მოლაპარაკების დაწყება. სამწუხაროდ, მოლაპარაკება 2010 წლის ბოლოს ჩაიშალა.

მართალია, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯერ კიდევ 2009 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ მისთვის [პირობითად] მისაღებია პალესტინის სახელმწიფოს არსებობა ისრაელთან ერთად, მოგვიანებით მან თავისი პოზიცია გაამკაცრა. “პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება ისე, როგორც ეს მათ წარმოაუდგენიათ. ეს არ მოხდება”, – განაცხადა პრემიერმა ისრაელის რადიოთი გამოსვლისას 2019 წელს.

ღაზას სექტორში პალესტინელთა თავდასხმებს და ისრაელის არმიის საპასუხო მოქმედებებს ისრაელი ბევრჯერ მიუყვანია კონფრონტაციამდე – 2009 წელს ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლებაში დაბრუნებამდეც და მის შემდეგაც.

ბოლო 12 წლის განმავლობაში მეოთხე მსგავსი კონფლიქტი ატყდა 2021 წლის მაისში, რომლის გამოც დროებით შეჩერდა ოპოზიციის უშედეგო მცდელობები ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში, პალესტინელებთან მომხდარი კონფლიქტების დროს, ისრაელი აშშ-ის – თავისი უახლოესი მოკავშირის მხარდაჭერით სარგებლობდა, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბარაკ ობამას შორის დამოკიდებულება საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა. მათი ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულამდე მაშინ დაეცა, როცა ნეთანიაჰუმ 2015 წლის მარტში, კონგრესის (თუ კონგრესში?) გამოსვლის დროს, ამერიკა გააფრთხილა, ირანთან “ცუდი გარიგება” არ დაედო ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ობამას ადმინისტრაციამ ნეთანიაჰუს გამოსვლა დაგმო და მას ხელშემშლელი და ზიანის მომტანი უწოდა.

კავშირები დონალდ ტრამპთან

2017 წელს, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, ისრაელ-აშშ-ის ურთიერთობა გაუმჯობესდა და უფრო მჭიდრო გახდა. პრეზიდენტობის ერთ წელიწადში დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა. ბუნებრივია, ამ ნაბიჯმა არაბული სამყაროს გააფთრება გამოიწვია: არაბები იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს (მის ნახევარს) პალესტინის კუთვნილებად თვლიან, “რომელიც ახლო აღმოსავლეთის 1967 წლის ომის შედეგად ისრაელის მიერაა ოკუპირებული”. თვითონ ბენიამინ ნეთანიაჰუს ამ მოვლენამ დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური წარმატება მოუტანა.

04112022-1341-1667554894.15_REC.png

2020 წლის მარტში ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმა დონალდ ტრამპის გეგმას ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარების თაობაზე და ის “საუკუნის შესაძლებლობად” მიიჩნია, მაგრამ პალესტინელებმა გეგმა ცალმხრივად ჩათვალეს და უარყვეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ასევე, ეთანხმებოდა დონალდ ტრამპის ხედვას ირანთან მიმართებით (ბირთვულ პროგრამასთან და ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით), მაგრამ როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჯო ბაიდენს მილოცვა გაუგზავნა, პრეზიდენტად არჩევის გამო, დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოქმედება გამქირდავად შეაფასა და მას ორგულობა დასწამა.

“სანახაობრივი” სასამართლო

2016 წელის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუს თან სდევდა გამოძიება კორუფციის შესახებ, რომლის კულმინაცია გახდა 2019 წლის ნოემბერში მის წინააღმდეგ ბრალდების წაყენება (სამი ცალკე საქმით) მექრთამეობაში, თაღლითობაში და საზოგადოების ნდობის ბოროტად გამოყენებაში. ბრალდების მიხედვით, ბენიამინ ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, თითქოსდა, საჩუქრებს იღებდა მდიდარი ბიზნესმენებისაგან და მათ სამაგიეროდ სხვადასხვა თხოვნას უსრულებდა, ასევე [უკანონოდ] ცდილობდა, მისი საქმიანობა პრესაში პოზიტიურად გაშუქებულიყო. რა თქმა უნდა, იგი უარყოფდა ბრალს და ამბობდა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული “ჭინკებზე ნადირობის” მსხვერპლი გახდა, რომელიც მისი ოპონენტების მიერ იყო წამოწყებული. ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლოს წინაშე 2020 წლის მაისში წარსდგა.

როგორც ჩანს, “სანახაობრივმა” სასამართლო პროცესმა ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში ვერაფერი დააკლო. “ჩვენ ახლა ისრაელის ხალხმა უდიდესი ნდობის ვოტუმი გამოგვიცხადა”, – თქვა მან მოზეიმე მომხრეებთან შეხვედრის დროს, როცა ეგზიტპოლის შედეგებს გაეცნო. მისი პოლიტიკური ბაზისათვის და, საერთოდ, ისრაელისათვის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაბრუნება ახალ განთიადს მოასწავებს. წყარო

კვრისპალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share