“ეს ჯილდო ეძღვნება ჩემს ნატანჯ სამშობლოს, რომელიც შევიწროებულია, მაგრამ მალე აღდგება!” – ვინ არის ქართველი რეჟისორი, რომელმაც ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე აღიარება მოიპოვა

ახალგაზრდა რეჟისორმა – დავით ფირცხალავამ საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისთვის – “A Long Break / დიდი შესვენება!”

ფესტივალზე ფილმის ევროპული პრემიერა შედგა და დავით ფირცხალავას ფილმი წარდგენილი იყო საკონკურსო სექციაში – ”საუკეთესო საერთაშორისო ფილმი“…

“ეს ჯილდო ეძღვნება ჩემს ნატანჯ სამშობლოს, საქართველოს, რომელიც შევიწროებულია, მაგრამ მალე აღდგება!

თურქეთი, სტამბოლი. ბოსფორის კინოფესტივალი. საუკეთესო რეჟისორის პრიზი ფილმისთვის “დიდი შესვენება”, – წერს რეჟისორი სოციალურ ქსელში…

დავით ფირცხალავა:

– ფილმი გადავიღეთ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში და ყოველდღე იყო იმის საშიშროება, რომ გადაღებები გაჩერდებოდა, ჯგუფის ერთი წევრიც რომ დაინფიცირებულიყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა და გადაღება დაგვცალდა. გადაღების დროს, მაქსიმალურად ვფრთხილობდით გადამღები ჯგუფიც და მსახიობებიც, მხოლოდ გადასაღებ მოედანზე დავდიოდით, შევზღუდეთ ყველანაირი სხვა კონტაქტი და შედეგმაც არ დააყოვნა. მაშინ, როცა დღეში 1000-1500 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ჩვენ – დაახლოებით, 40-კაციანმა ჯგუფმა, გადაღებები მშვიდობიანად ჩავამთავრეთ, ისე, რომ ერთ კაცსაც არ დაუდასტურდა კოვიდი, რაც თავის მხრივ, გადაღებების გაჩერებას გამოიწვევდა.

pircxalava-1-1667548104.jpg

– რის შესახებ არის ფილმი?

– ფილმი მოგვითხრობს ყოფილი თანაკლასელი ბიჭების შესახებ, რომლებიც სკოლის დამთავრებიდან 13 წლის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს სკოლაში, დასალევად და ძველი დროის გასახსენებლად, თუმცა სიუჟეტის მსვლელობისას ირკვევა, რომ შეკრების ინიციატორს სურს, შური იძიოს თანაკლასელზე, რომელიც ბავშვობაში მჩაგვრელი იყო.

pircxalava-4-1667547672.jpg

– ბულინგის თემა დღეს ძალიან მტკივნეულია… ამიტომ აირჩიეთ თუ რეალურ ისტორიაზეა?

– რეალურ ისტორიაზე არ არის, ეს ამბავი თავდაპირველად პიესა იყო, რომელიც სამეფო უბნის თეატრში, ბატონი თემურ ჩხეიძის სახელოსნოში დავწერე და პანდემიამდე ინტენსიურად იდგმებოდა, შემდეგ კი მიეცა სცენარის სახე და იქცა ფილმად. სიუჟეტი თავიდან ბოლომდე გამოგონილია.

– გვითხარით მსახიობებზეც, რომლებიც ფილმში მონაწილეობენ.

– ფილმში მონაწილეობენ პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსახიობები. ფილმს სამი გამოკვეთილი მთავარი გმირი ჰყავს, რომლებსაც ასრულებენ შაკო მირიანაშვილი, გიორგი შარვაშიძე და სანდრო კალანდაძე. ასევე, ფილმში მონაწილეობას იღებენ გაგა შიშინაშვილი, გოგა ქობალია, დავით ჩიტაია, გიორგი მაზავრიშვილი, გიგი რეხვიაშვილი, მარიამ ფირცხალავა, ბიძინა ნიჟარაძე, ზვიად ფირცხალავა. რამდენიმე მათგანს ჩემს მოკლემეტრაჟიან ფილმებშიც უთამაშიათ.

pircxalava-5-1667547788.jpg

– რა ბედი ეწევა ფილმის მიხედვით მჩაგვრელ ბიჭს?

– ეს რომ ვთქვა, სიუჟეტს გავცემ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გვქონდა მცდელობა, გვეჩვენებინა ისეთი ადამიანები, მჩაგვრელებიც და ჩაგრულებიც, რომლებიც დღეს უკვე გაზრდილები არიან და ამ ტვირთით ცხოვრობენ. როგორ უნდა იცხოვრონ? როგორ უნდა მიუტევონ სხვას და საკუთარ თავს? – ფილმში ეს საკითხები არის წამოჭრილი.

– რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ეს ჯილდო?

– საუკეთესო რეჟისორის პრიზი პირველად გადმომცეს, აქამდე ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მაქვს გადაღებული და თუ სადმე გაგვიმარჯვია, ფილმს აღნიშნავდნენ ხოლმე, ახლა კი კონკრეტულად რეჟისორის ხელობა აღნიშნეს, რაც მოულოდნელი და, იმავდროულად, სასიხარულო იყო. გამიხარდა კიდევ ის ფაქტი, რომ საკმაოდ სოლიდურ ფესტივალზე წარმოვადგენდი საქართველოს. ფილმმა ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო მოიპოვა.

pircxalava-2-1667547879.jpg

– უკვე წარმატებული და გამოცდილი ხართ… რას უმადლით ამ ყველაფერს?

– მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის… და იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებაში მხვდებიან. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ჩემი დრამატურგიის პედაგოგი, ბატონი კოტე ჯანდიერი.

kote-jandieri-091-1667547975.jpg

– რამდენად არის დღეს საქართველოში ხელოვნების ხელშეწყობა?

– ხელშეწყობა – მეტ-ნაკლებად, თუმცა ვთვლი, რომ ხელოვნების ძალა ჯერ კიდევ არ არის აღქმული დღევანდელ საქართველოში. ქვეყანას უჭირს ყოველმხრივ, ამიტომ წუწუნი აქ უადგილო იქნება. ზოგადად, საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდება, მათ შორის – კინოშიც. მათ ექნებათ არა მხოლოდ წიგნიერი განათლება, იქნებიან არა მხოლოდ ნაკითხები, არამედ – მათ ექნებათ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, ტანჯვით და წამებით მოპოვებული ცოდნა, რაც დადებითად აისახება ხელოვნების ყველა დარგზე, მათ შორის – კინოზეც.

pircxalava-7-1667548030.jpg

– სამომავლო გეგმებზეც რომ გვითხრათ…

– სამომავლოდ მაქვს რამდენიმე იდეა, ჩანაფიქრი, რომლებსაც ეტაპობრივად ვხვეწავ და, საბოლოოდ, რომელი მათგანიც უფრო გამართული და საზოგადოებისთვის უფრო სასარგებლო იქნება, იმას მოვკიდებ ხელს.

 

kvirispalitra.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share