უფასო საცხოვრებელი და 10 000 აშშ დოლარი თვეში – ეს ვაკანსია ბევრს დაააინტერესებს

ამერიკულმა ღვინის კომპანიამ Murphy-Goode Winery დააანონსა, რომ კალიფორნიის ქალაქ სონომაში ერთწლიანი ვაკანსია აქვს.

ვაკანსიის უნიკალურობა ისაა, რომ ახალი თანამშრომლის პოზიცია თავიდანვე განსაზღვრული არ არის. პირველი თვეების განმავლობაში იგი ჯერ კომპანიის საქმიანობას ეცნობა საფუძვლიანად და ზუსტად ადგენს, თუ მეღვინეობის რომელი ასპექტით არის დაინტერესებული. შემდეგ კი შესაბამის საკითხზე იწყებს მუშაობას. ახალწვეულს კომპანიის დამფუძნებლების შვილი, გამოცდილი მეღვინე დეივ რეიდი ჯუნიორი უწევს მენტორობას.

იღბლიანი ადამიანი, რომელსაც კომპანია აარჩევს, არა მხოლოდ მზიან კალიფორნიაში გადავა საცხოვრებლად, არამედ სრულიად უფასოდ იცხოვრებს კომპანიის მიერ დაქირავებულ სახლში, ყოველთვიური ხელფასის სახით კი 10 000 აშშ დოლარს მიიღებს.

ერთწლიანი მუშაობის პერიოდში ახალბედა მეღვინე მიიღებს ცოდნას როგორც ვაზის მოვლის, ასევე ღვინის შექმნის პროცესისა და გაყიდვების შესახებ.

 

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ღვინის წარმოებით დაინტერესებულ კრეატიულ პიროვნებას ეძებენ, რომელსაც უკვე აქვს ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება.

 

კანდიდატი, რომელიც ვაკანსიაზე VC-ის გააგზავნის, მეღვინეობით დაინტერესებული, 21 წელზე უფროსი ასაკის პირი უნდა იყოს, რომელსაც აშშ-ში მუშაობის უფლება აქვს. დაინტერესებულ პირებს კომპანიისათვის რეზიუმეს გაგზავნა 30 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share