გუშინ დეოლიგარქიზაციის კანონზე ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, დიახ, დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა მივიღოთ და უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის უკრაინაში. იმიტომ, რომ დედამიწაზე სხვანაირი კანონი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დაადასტურა, რომ სწორად მოიქცა ,,ქართული ოცნება” როცა დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი საქართველოში ზუსტად გადმოიტანა.
“გუშინ დეოლიგარქიზაციის კანონზე ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, დიახ, დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა მივიღოთ და უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის უკრაინაში. იმიტომ, რომ სხვანაირი კანონი დედამიწაზე არ არსებობს. ევროკავშირმა გვითხრა, რომ გადმოიღეთ ეს კანონი, ჩვენ გადმოვიღეთ და ევროკომისარმა დაგვიდასტურა, რომ სწორი გავაკეთეთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს კანონი მივიღოთ. ვის მოერგება, ვის არ მოერგება, რა კრიტერიუმებში რომელი კონკრეტული პერსონა ჩაჯდება, ამას ვნახავთ, როცა კანონი ამოქმედდება,”-განაცხადა დავითულიანმა.
უმრავლესობის წევრის განმარტებით, უკრაინაში ოლიგარქების რეესტრის კრიტერიუმებს, უშიშროების საბჭო ადგენს და რადგან საქართველოში არ არსებობს ეს ორგანო, გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს.
„ოლიგარქების რეესტრი კრიტერიუმების მიხედვით დგება. უკრაინაში ადგენს უშიშროების საბჭო, რომლის წევრიც არის პრეზიდენტი ანუ იმ ხელისუფლების თავმჯდომარე, რომლის წევრიც არის ყველა ძალოვანი მინისტრი, მათ შორის ეკონომიკური დარგის მინისტრები. შესაბამისად, ასეთი უშიშროების საბჭო საქართველოს არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს, დაახლოებით იგივე ტიპის ორგანო”, – განაცხადა დავითულიანმა.
მისივე თქმით, „ამ კანონთან დაკავშირებით უკრაინა ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება. „ჩვენ ველოდებით რას მისწერს ვენეციის კომისია უკრაინას და ჩვენც ამას გავითვალისწინებთ”, – განაცხადა დავითულიანმა.