საქართველოში სამედიცინო კადრების გადინება მოსალოდნელია. როგორც სხვა შემთხვევაში, ამის მიზეზი შეიძლება დაბალი ხელფასები გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებისა და ექთნების შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება იზრდება, იმდენი მაინც არ არის, რომ კვალიფიციურ კადრს სამშობლოში დარჩენა მოუნდეს. დიდი რისკია, რომ სფერო გამოცდილი ექიმებისა და ექთნების გარეშე დარჩეს და ადამიანებმა მაღალი მომსახურება ვეღარ მიიღონ, რაც სრული კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში კი საშუალოდ 1260 ლარით, ხოლო ექთნების შემთხვევაში საათში 4,4 ლარით, თვეში კი, საშუალოდ, 792 ლარით განისაზღვრება.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ხელფასების არსებითი ზრდა არ ხდება და ვერც უახლოეს მომავალში იქნება ისეთი, რომ სამედიცინო კადრების გადინება შეჩერდეს.
ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი, ჯანდაცვის ექსპერტი მარინა ბერაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ექიმების ანაზღაურების და კომპეტენციის საკითხები, რა მხრივაც სექტორი დიდი გამოწვევის წინაშეა და არსებული პოლიტიკა ჯერჯერობით ამ საკითხის სათანადო მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს.
,,საქართველოში სამედიცინო სფერო არის ყველაზე მომგებიანი ბიზნესი, რითაც მხოლოდ ცალკეული ადამიანები ხედავენ დიდ სარგებელს. კადრების უმრავლეობა ისეც მიზერულ ხელფასზეა დამოკიდებული, რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხზეც აისახება. ბუნებრივია, რომ ასეთ სიტუაციაში ბევრს ქვეყნიდან წასვლა მოუნდება, შეიძლება ითქვას, ეს პროცესი უკვე დაწყებულიცაა. ბევრი ჩვენი თანამემამულე უცხოეთში მუშაობს, ზოგის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო წავიდა.
ყველა შემთხვევაში პრობლემა შრომის დაბალი ანაზღაურებაა, რის გამოც კადრებს ვკარგავთ. ერთია, როცა ხელფასებზე ვსაუბრობთ, მაგრამ მეორეა, სად მიდის და როგორ ნაწილდება თანხა, რასაც სახელმწიფო უხდის სამედიცინო დაწესებულებებს. კლინიკები ყოველთვის მაღალი მოგებით არიან დაინტერესებული, ამ დროს ბევრი მიმართულების ექიმი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაბალი ანაზღაურების გამო”, – განაცხადა ბერაძემ.
მისი აზრით, მთავარია, როცა ამ საკითხების შემუშავება მოხდება, ანაზღაურებასთან ერთად, აუცილებლად იყოს გათვალისწინებული კვალიფიკაციის საკითხები.
,,ექიმის დატვირთვა უნდა შეფასდეს სწორად და ხელფასი მოემატოთ იმდენად, რომ მათი შრომის ადეკვატური გახდეს. ამის შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, თუმცა თავისთავად კარგი ფაქტია, რომ ანაზღაურება იზრდება, ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება ეს ტენდენცია და ექიმებისთვის ღირსეული შრომის გარემო შეიქმნება.
სხვა შემთხვევაში, ჩვენ კიდევ დავკარგავთ კადრებს და ეს ფაქტორი სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, ისედაც განვიცდით კვალიფიციური თანამშრომლების პრობლემას”, – განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან” მარინა ბერაძემ.
აღსანიშნავია, რომ სწორედ დაბალი შრომის ანაზღაურება იყო პრობლემა, რის გამოც სხვადასხვა დროს კვალიფიციური სამედიცინო კადრები გავიდნენ ქვეყნიდან და ბევრი მათგანი დღეს უცხოეთის კლინიკებში ცნობილი მედიკოსია.
ექიმები და ექთნები უცხოეთში სამუშაოს დღესაც აქტიურად ეძებენ და ბევრი მათგანი ცდილობს ამ მიზნით საქართველოს დატოვებას. ზოგმა პანდემიის პერიოდში და შემდეგაც შეძლო ემიგრაციაში წასვლა. ზოგიერთს პროფესიის შეცვლაც მოუწია.
ხათუნა გვიმრაძე თბილისის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მედდად მუშაობდა. პანდემიის დროს მან გერმანიაში წასვლა მოახერხა და რამდენიმე თვეა იქაც მედდის სტატუსით აგრძელებს მუშაობას. ამბობს, რომ წელიწადნახევარზე მეტ ხანს სანიტრის მოვალეობას ასრულებდა.
,,გერმანიაში წასვლას ჯერ კიდევ პანდემიამდე ვაპირებდი, მაგრამ ენის არცოდნა მაბრკოლებდა. ამიტომ სისტემატურად ვმეცადინეობდი გერმანში და მეტ-ნაკლებად ავითვისე. თავდაპირველად სანიტრად მოვეწყვე, გარკვეული გამოცდილება მივიღე. ქართული დიპლომით გერმანიაში მუშაობას პროფესიით ვერ მოვახერხებდი, ამიტომ სპეციალური კურსის გავლა მომიხდა.
ახლა უკვე ჩემი სპეციალობით ვმუშაობ. ჯერ რამდენიმე თვეა, რაც სამსახური დავიწყე. საქართველოში 300 ლარზე მეტს ვერ ვიღებდი, მიუხედავად იმისა, რომ წამყვან კლინიკაში ვმუშაობდი და ღამითაც მიწევდა მორიგეობა. არ მგონია, დავბრუნდე საქართველოში 4-5 წელი მაინც, მერე ვნახოთ.
700-ლარიანი ხელფასით ჩემს სამშობლოში ვერ ვიცხოვრებ. აქ საწყის ეტაპზე 1200 ევროს ვიღებ და სამომავლოდ კიდევ გამეზრდება ხელფასი, პარალელურად ვიძენ ცოდნას, საჭირო-უნარ-ჩვევებს, პროფესიული განვითარების საშუალებას მაძლევს”, – აღნიშნა ემიგრანტმა მედდამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.
ევროპაში სამუშაოდ გამგზავრებას ცდილობს თბილისელი მედდა თამუნა გოგიაც. ამბობს, რომ მთავარია წავიდეს ქვეყნიდან და ნებისმიერ სამუშაოს დათანხმდება.
,,ევროპის ნებისმიერი ქვეყანა მაწყობს, სადაც ჩემი შრომა დაფასდება. არ ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც პროფესიით ვიმუშავებ, შეიძლება ოჯახში მომვლელადაც დავსაქმდე, თუ ამის ამის შესაძლებლობა მექნება. ადრე ისრაელში მინდოდა გამგზავრება სეზონური დასაქმების ფარგლებში, აპლიკაციაც შევავსე, თუმცა ჩემი განაცხადი მხედველობაში არ მიიღეს. მსგავი შეთავაზება თუ მომავალ წელსაც მექნება, კიდევ ერთხელ ვცდი.
ნებისმიერი სამუშაო მაწყობს, რითაც თავის გატანას და ოჯახის რჩენას შევძლებ, ამჟამინდელი ხელფასი ამის საშუალებას არც ახლა მაძლევს და არც მომავალში ვხედავ პერსპექტივას. ხელფასის გაზრდა უფრო სიმბოლურია, კვების ხარჯადაც არ მეყოფა, ამიტომ ვცდილობ წასვლას”, – აღნიშნა თამუნა გოგიამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამჟამად 9 ათასამდე ექიმი იღებს მინიმალურ ანაზღაურებაზე ნაკლებ ხელფასს და ექთნების შემთხვევაში ეს რაოდენობა დაახლოებით 8 ათასზე მეტია. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წლების განმავლობაში მზარდი იქნება და 2025 წლისთვის ექიმისთვის 9 ლარით, ხოლო ექთნისთვის – 5,6 ლარით განისაზღვრება.
რეზონანსი