ნიკა მელიამ გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, მის დასახმარებლად კი საჭირო იყო ძალების მობილიზება და არა უდროო არჩევნებზე საუბრის დაწყება.
“მიხეილ სააკაშვილს მინიმუმ ცხრა დაავადება დაუდგინდა, რომელიც საქართველოში არ ინკურნება და დღეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს კომპეტენტური სამედიცინო საზოგადოება საუბრობს, რომ მისი საქართველოში განკურნება შეუძლებელია და ერთადერთი გამოსავალი მისი საზღვარგარეთ გადაყვანაა. ამას ემატება პოლიტიკური საზოგადოება, რომელიც რეზოლუციების სახით ესაუბრება ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს.
ახლა ბიძინა ივანიშვილმა რუბიკონი უნდა გადალახოს გაუარესებული ჯანმრთელობის მქონე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მან საკუთარი მორჩილი მოსამართლის პირით გვითხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა თუ რა საექსპერტო დასკვნებს დაუდებენ წინ, მოსამართლე გაეცნობა და დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ნამდვილად არის მზარდად საგანგაშო და თუ მაინც იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჯანმრთელი და მას სასიკვდილოდ გაწირავს, ამ ქვეყანაში ვეღარაფერი იქნება ძველებურად.
დაწყებული ენმ-ით და გაგრძელებული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილით, არ შეეგუება ყველაზე დიდ ცინიზმს, რომელიც მოსამართლემ უნდა გააცნოს საზოგადოებას, რომ მას გამოაქვს განაჩენი – მიხეილ სააკაშვილის ნელი, დროში გაწერილი სიკვდილი.
ამ ვითარებაში, როდესაც უნდა მომხდარიყო ძალების კონსოლიდირება და ერთიანი ნაბიჯების დაგეგმვა, ნამდვილად უდროო იყო არჩევნების საკითხის გახსნა ჩვენი თანაპარტიელების მხრიდან. არჩევნების გამოცხადების შემდეგ ძალაუნებურად შევედით საარჩევნო კამპანიაში.
მე მოვუწოდებ ყველას, ვინც რაიმე შეხებაშია ამ შიდა არჩევნებთან, საჯაროდ ჩაერთონ კამპანიაში. ჩვენი ამომრჩეველი იმსახურებს იმას, რომ იცოდეს, რომელი კანდიდატია დამოუკიდებელი, თვითმყოფადი, ვინ უდგას გვერდში და ვინ არის მისი დასაყრდენი და რადგან ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ასეთი ფორმით არჩევნების გამოცხადება, გამოწვევა მივიღე.
ჩვენ ამ შიდაპარტიულ არჩევნებს გამოვიყენებთ პარტიის გასაძლეიერებლად, კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერის მოსაზიდად და გასააქტიურებლად. ჩვენ სიმართლითა და ღირსებით გავიმარჯვებთ, რადგან ფულით ბიძინა ივანიშვილს ვერ აჯობებ. ოლიგარქი უნდა დაამარცხო იდეით და სიმართლით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.