დეკანოზი ილია ჭიღლაძე ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმაურება და წერს.
„გონებადახშულმა და გახრწნილმა საპატრიარქომ გამოფინა განცხადება ანდრია ჯაღმაიძის ხელმოწერით, სადაც ყველას და ყველაფერს ადანაშაულებს დღეს ხაშურის ეპარქიაში მომხდარ ტრაგედიაზე, წარმოიდგინეთდა, პირველ რიგში ავაზაკთა ქვაბად ქცეული ეკლესიის კრიტიკოსებს და მამხილებლებს და საერთოდ ვერ ხედავენ ერის ზნეობის დაკარგვასა და საყოველთაო კრიმინალიზაცია-ამორალიზაციაში თავის წილ, ანუ ეკლესიის/საპატრიარქოს წილ პასუხისმგებლობას! განა ვინაა პასუხისმგებელი ხალხს მორალსა და ზნეობაზე თუ არა ეკლესია?! მაშ რაღაში გვჭირდება ასეთი უმარილო და უმადლო ეკლესია, თუ ის ზნეობრივ ამაღლებას და განწმენდას ერისას ვერ ახერხებს?! და როგორ მოახერხებს, როცა პასუხისმგებლობის გრძნობაც კი არ გააჩნია არც პატრარქს და არც მოსაყდრეს და არც მათ კამარილიას??? გინახავთ სადმე მათ მიერ ფემიციდის წინააღმდეგ გალაშქრება და ქალთა უფლებებზე ქადაგება?! პირქით! ამ ტურებმა ყველანაირად დააკნინეს დემოკრატიული ღირებულებები და ააღორძინეს ქვის ხანა საქართველოში!
და ბოლოს რიტორიკული შეკითხვა ანდრია ჯაღმაიძის: თქვენი მეუღლე ასრულებს პატრიარქ ილია მეორის არაერთგზის კურთხევა-სწავლებას ქმარს ფეხები დაბანონ ცოლებმაო?!
P.S. პატრიარქმა, რომელმაც მასობრივი ყაჩაღობების, მკვლელობების, გაუპატიურებების ორგანიზატორ-შემოქმედი ჯაბა იოსელიანი ეროვნულ გმირად გამოაცხადა და სიონიდან გაასვენა დიდი პატივით და დიდუბის ეკლესიის პანთეონში დაკრძალა, ამ პატრიარქს რა ზნეობა და მორალი უნდა ესწავლებინა საქართველოს ხალხისთვის?! ხოდა, ესაა მისი მოღვაწეობის შედეგიც“, – წერს ილია ჭიღლაძე.