ოპოზიცია პირდაპირ ებრძვის ეკლესიას, აყენებს ყველაზე დიდ შეურაცხყოფას – მდინარაძე

მათი ქმედების სათაურია ფსევდოლიბერალური აგრესია, ეკლესიისა და სამშობლოს მტრობა – ასე აფასებს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ოპოზიციის რეაქციას საპატრიარქოს პრესმდივნის განცხადებაზე.

მამუკა მდინარაძე თვლის, რომ რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის ქართულ სახელმწიფოს, ეკლესიას და ამას ლიბერალიზმის სახელით აკეთებს.

“ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას, ამ შემთხვევაში ძალიან რელევანტურია, თუ ვიტყვი, რომ ეკლესიისა და საკუთარი ქვეყნის მტრებს, ყველა შემთხვევაში ნამდვილად არ ელანდებათ რუსეთი, თუმცა პიარში უკვე მეტი ფანტაზიის უნარი უკვე აღარ აქვს. როცა ვინმე, ან რამე არ მოეწონებათ, იმას რუსულს არქმევენ. ეს არის ყველაზე მდაბიო პიარკამპანია, რაც კი არსებობს. ეს არის მთელი მათი ხაზი.

პირდაპირ ებრძვია ეკლესიას, აყენებენ ყველაზე დიდ შეურაცხყოფას. ეკლესიის წარმომადგენელმა ფეისბუქპოსტი დადო თავისი ნააზრევი, თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს, სინამდვილეში კი ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე, გამოჩნდა ამ პოსტის კომენტარებში. ალბათ, წლების წინ ვერ წარმოიდგენდით, რომ ლიბერალიზმი მათი გაგებით ყველაზე აგრესიული რიტორიკის საფუძველს წარმოადგენდა.

ეს არ არის არც ლიბერალიზმი, არც ტოლერანტული მიდგომა, არც თავისუფალი აზრის პატივისცემა. მათი ქმედების სათაურია ფსევდოლიბერალური აგრესია, ეკლესიისა და სამშობლოს მტრობა” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის,  ხაშურში მომხდარი საზარელი შემთხვევის უკან მამა ანდრია ჯაღმაიძე მასმედიის ბრალეულობას ხედავს. სასულიერო პირმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავს კრიტიკულ მედიასაშუალებებს ესხმის და მონაზონზე ძალადობაში პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებს. ოპოზიციამ და თეოლოგებმა ანდრია ჯაღმაიძის პოსტი უარყოფითად შეაფასეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share